ანკარა სირიაში ოპერაციას იწყებს და 30 კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნა სურს

უკრაინაში რუსეთის ომისა და ნატოში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების პარალელურად, თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას იწყებს. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა ერდოღანმა გააკეთა. მისი თქმით, თურქეთს სურს სამხრეთის საზღვართან 30 კილომეტრიანი ბუფერული ზონა შექმნას.

„ამ ოპერაციის მიზანი იქნება, ჩვენს ქვეყანაში ის ტერიტორიები, რომელიც თავდასხმის ქვეშ არის, გახდეს უსაფრთხო ,“- ამბობს ერდოღანი.

თურქეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია დეტალები, თუმცა მისი თქმით, ოპერაცია დაიწყება მაშინ, როცა სამხედრო, სადაზვერვო და უსაფრთხოების ძალები მზადებას დაასრულებენ.

ასევე ნახეთ: თურქეთი უარზეა ნატოში ფინეთის და შვედეთის მიღებაზე

ოპერაცია სავარაუდოდ ჩატარდება ჩრდილოეთ სირიაში, რეგიონში სადაც 2016 წლის შემდეგ თურქეთმა არაერთი სამხედრო ოპერაცია განახორციელა ქურთების წინააღმდეგ, მიზანი კი ქურთისტანის მუშათა პარტიისა და სხვა ქურთული სამხედრო-თავდაცვითი შენაერთების დასუსტება იქნება.

ქურთული სახალხო თავდაცვის შენაერთებს დიდი წვლილი მიუძღვით სირიის დემოკრატიული ძალების ჩამოყალიბებაში, რომელიც თავის მხრივ, ამერიკასთან ერთად იბრძვის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.

ასევე ნახეთ: ერდოღანი: შვედი და ფინელი დიპლომატები თურქეთში ჩამოსვლით ნუ შეწუხდებით

ჩრდილოეთ სირიაში, ოპერაცია იმის ფონზე დაიგეგმა, რაც ნატოს წევრობისთვის ფინეთმა და შვედეთმა განაცხადები შეავსეს, ორგანიზაციაში მათ მიღებას კი ანკარა ეწინააღმდეგება. თურქეთი თვლის, რომ ფინეთი და შვედეთი ქურთების მხარდაჭერით ტერორისტებს ეხმარება.

ანკარაში მიაჩნიათ, რომ ქურთისტანის მუშათა პარტიის მიერ იყო დაგეგმილი 2016 წელს თურქეთში გადატრიალების მცდელობა.

ასევე ნახეთ: პრეზიდენტი ბაიდენი შვედეთის და ფინეთის ლიდერებს შეხვდა

ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები. შვედეთის მთავრობაში კი ამბობენ, რომ ანკარაში დიპლომატებს გაგზავნიან, რათა ქვეყნებს შორის დიალოგი წარიმართოს და პოზიციები შეთანხმდეს.