ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა 15 დღე გაგრძელდება

ვაშინგტონის პოლიცია კონგრესის აივანზე. 6 იანვარი, 2020

შეერთებული შტატების დედაქალაქში, საგანგებო ვითარება დამატებით 14 დღით გაგრძელდება და 20 იანვარს დანიშნულ, საზეიმო ინაუგურაციის ცერემონიასაც შეეხება. გადაწყვეტილება ვაშინგტონის მერმა მურიელ ბაუზერმა 6 იანვარს განვითარებული დრამატული მოვლენების შემდეგ, მალევე მიიღო.

ასევე ნახეთ: ოთხი გარდაცვლილი და 52 დაკავებული - კაპიტოლიუმის შტურმის შედეგები

"საპროტესტო აქცია ძალადობრივი გახდა. დედაქალაქში ბევრი პირი შეიარაღებული და ძალადობაში და არეულობაში ჩართვის მიზნით გამოვიდა" - ნათქვამია ვაშინგტონის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც გუშინ განვითარებულ მოვლენებს დეტალურად აღწერს. ამასთან, მერიის თქმით, დემონსტრანტთა დესტრუქციული ქმედებები გრძელდება და "არსებობს საფრთხე, რომ ეს დედაქალაქის ფარგლებს გაცდება".

ასევე ნახეთ: ტრამპის მომხრეები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ

შესაბამისად, ვაშინგტონის მერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 6 იანვარს გამოცხადებული საგანგებო ვითარება კიდევ 14 დღით გახანგრძლივდეს. ჯამში, 6 იანვრის ჩათვლით, ვაშინგტონში საგანგებო ვითარებით გათვალისწინებული რეგულაციები 15 დღის მანძილზე იმოქმედებს.