საცდელი ვაქცინები პოზიტიურ შედეგებს აჩვენებენ

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 14.7 მილიონი და გარდაიცვალა 610,000 ადამიანი. მკვლევარები აცხადებენ, რომ ისინი ვაქცინის შექმნის საქმეში წინ მიდიან.

განსაკუთრებით წარმატებულია ორი სხვადასხვა საცდელი ვაქცინა. ერთი ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანული-შვედური ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკას“ თანამშრომლობით შეიქმნა და ადამიანებზე გამოცდის ბოლო სტადიებზე აჩვენა, რომ ძლიერ იმუნურ პასუხს უწყობს ხელს. მეორე, ჩინური ბიოტექნოლოგიური კომპანიის, „კანსინო ბიოლოგიკის“ მიერ შექმნილი ვაქცინაა, რომელიც მათი განცხადებით, პოზიტიურ შედეგებს აჩვენებს. აღნიშნული ინფორმაცია ბრიტანულ სამეცნიერო ჟურნალში „ლანცეტი“ გამოქვეყნდა.

ასევე ნახეთ: ვაქცინაზე საქართველო 2 კომპანიასთან მუშაობს

პარალელურად, ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ „პფაიზერმა“ და მისმა გერმანულმა პარტნიორმა „ბიოენტექმა“ ასევე განაცხადეს, რომ მათი ვაქცინის კანდიდატი პოზიტიურ პროგრესს აჩვენებს.

ყველაზე მეტ ყურადღებას, ოქსფორდის და „ასტრაზენეკას“ მიერ შექმნილი ვაქცინა იწვევს. კომპანიამ უკვე ბევრ მთავრობასთან მოაწერა ხელი შეთანხმებას, ვაქცინის მიწოდების თაობაზე, თუ მისი ეფექტურობა დადასტურდება. კომპანიამ უკვე დადო შეთანხმება ორი მილიონი დოზის წარმოებაზე.

ასევე ნახეთ: უკვე 23 ვაქცინას ცდიან ადამიანებზე - სიახლეები კოვიდ-19-ის ფრონტიდან

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ვაქცინა 10,000 მოხალისეზე უკვე გამოსცადეს ბრიტანეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში. შეერთებულ შტატებში კი 30,000 მოხალისე ჩაერთვება ვაქცინის გამოცდის პროცესში მომავალ კვირას.

ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ „მოდერნა“ განაცხადა, რომ ალერგიის და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარების მეშვეობით შექმნილი ვაქცინა ასევე აჩვენებს ძლიერ იმუნურ პასუხს ადამიანებზე, მათი გამოცდის გვიანდელ ეტაპზე. თუმცა, მას თან ერთვის მსუბუქი სიმპტომები როგორიცაა დაღლილობა, თავის ტკივილი, ციება და კუნთების ტკივილი.

ასევე ნახეთ: თეთრი სახლი კორონავირუსთან დაკავშირებულ ბრიფინგებს აღადგენს

პარალელურად, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ის აღადგენს ყოველდღიურ პრესკონფერენციებს თეთრ სახლში. პრეზიდენტი ყოველდღიურ ბრიფინგებს პანდემიის დასაწყისში აპრილამდე ატარებდა.

გადაწყვეტილების მიზეზი, შეერთებულ შტატებში შემთხვევების ზრდაა. ამ დროისთვის, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევების ცენტრის მიხედვით, აშშ-ში 3.8 მილიონი ადამიანია ინფიცირებული და გარდაიცვალა 141,000 ადამიანი.