"კოვიდ-19"-მა ჯაშუშებს და ტერორისტებს დიდი შესაძლებლობები გაუჩინა - ამბობს ავსტრალიის დაზვერვის უფროსი

ავსტრალიის დაზვერვის სამსახურის უფროსი, “კოვიდ”-ის კრიზისის დროს შპიონაჟის, ექსტრემისტული პროპაგანდის და კიბერ-დანაშაულის მკვეთრი ზრდის შესახებ გაფრთხილებას გამოთქვამს.

ავსტრალიის უსაფრთხოების სადაზვერვო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მაიკ ბურჟე ამბობს, იმ დროს, როდესაც კარანტინის პერიოდში ავსტრალიელთა დიდი რიცხვი შინ იმყოფებოდა და ინტერნეტით სარგებლობდა, ჯაშუშები, კრიმინალები და ტერორისტები მზარდ აქტიურობას ამჟღავნებდნენ.

ავსტრალიის სადაზვერვო ორგანიზაციის აზრით, “კოვიდ-19”-მა ჰაკერებს, კრიმინალებს და ტერორისტებს მისცა “შესაძლებლობების სამყარო” იმისთვის, რომ კარანტინის პერიოდში, ინტერნეტის ქსელში ავსტრალიელების წინააღმდეგ ეთაღლითად. ავსტრალიის უსაფრთხოების სადაზვერვო ორგანიზაციას ასეთი ხედვა აქვს. ამ ორგანიზაციის მისია, ავსტრალიაში ჯაშუშობის, დივერსიის, უცხოური ჩარევის და პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის არდაშვებაა.

ორგანიზაციას სჯერა, რომ ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა თავისი იდეოლოგია გაავრცელეს და ავსტრალიელების რადიკალიზება სცადეს. სხვა ჩვეული თაღლითობის სახეა პირადი ინფორმაციის “ფიშინგი”, ონლაინ ყიდვებში თაღლითობა და საპენსიო ფონდების მოპარვა, ასევე ყალბი კრიპტო-ვალუტა და ცნობილი ადამიანების სახელის გამოყენება. არსებობს ასევე ბრალდებები, რომ უცხო ქვეყნების მთავრობები, პანდემიას კონფიდენციალური ინფორმაციის, ონლაინ ფარულად მოსაპოვებლად იყენებდნენ.

ბურჟემ გააკრიტიკა ტექნოლოგიური კომპანიები იმის გამო რომ ისინი უსაფრთხოების სააგენტოების მიერ კიბერ-სივრცეში ინფორმაციის წვდომას ეწინააღმდეგებიან. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მისი კომენტარები ძლიერად მიანიშნებს ავსტრალიის სადაზვერვო წრეების სურვილზე, მიიღონ წვდომა დაშიფრულ მასალაზე, რომელიც მომხმარებლიდან მომხმარებელს გადაეცემა. დაშიფრვის ტექნოლოგია სხვადასხვა კანონიერი მიზნით გამოიყენება, მათ შორის ვაჭრობაში და საბანკო ოპერაციებში.

ავსტრალიის დაზვერვის უფროსმა თქვა, რომ საჭიროა კერძო ინფორმაციის საიდუმლოებასა და უსაფრთხოებას შორის ბალანსი, სამართალდამცავი და ეროვნული უსაფრთხოების ორგანოების სასარგებლოდ გადაფასდეს. სამოქალაქო უფლებების აქტივისტები ამ ნაბიჯს “ძალაუფლების მიტაცებად” აფასებენ.