ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალია "ფეისბუქს" და "გუგლს" მედიასაშუალებებისთვის თანხის გადახდას დაავალდებულებს


ავსტრალია აცხადებს, რომ "ფეისბუქმა" და "გუგლმა" ახლო მომავალში მედიასაშუალებებს მათი მასალების საფასური უნდა გადაუხადონ.

ხაზინის ხელმძღვანელმა ჯოშ ფრიდენბურგმა ორშაბათს განაცხადა, რომ ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებელთა საკითხების კომისია ივლისის თვემდე სპეციალურ სავალდებულო "ქცევის კოდექსს" გამოაქვეყნებს, რომელიც მედიასაშუალებებსა და ინტერნეტ გიგანტებს შორის სარეკლამო შემოსავლების სფეროში არსებული ფინანსური უთანასწორობისა და განსხვავებების შემცირებისკენ იქნება მიმართული. "ფეისბუქი" და "გუგლი" ის ორი კომპანიაა, რომლებიც ავსტრალიაში ონლაინ სარეკლამო მიმართულებით დახარჯულ თანხებს პრაქტიკულად სრულად იღებს.

ამ განცხადებას წინ უძღოდა 18-თვიანი მოლაპარაკებები ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებთან ნებაყოფლობითი რეგულაციების შექმნის თაობაზე, თუმცა უშედეგოდ. ავსტრალია მესამე ქვეყანა იქნება დასავლურ სამყაროში ესპანეთისა და საფრანგეთის შემდეგ, რომელმაც ამგვარი გეგმა წარმოადგინა.

ავსტრალიურმა მედიასაშუალებებმა მხოლოდ გასული თვის განმავლობაში პანდემიის გამო სარეკლამო შემოსავლების მიმართულებით მილიონობით დოლარი დაკარგეს.

"ფეისბუქმა" განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანია "იმედგაცრუებულია" მთავრობის გადაწყვეტილებით მაშინ, როდესაც მან ავსტრალიის საინფორმაციო ინდუსტრიაში უკვე დაიწყო მრავალმილიონიანი საინვესტიციო პროექტების განხორციელება. "გუგლმა" კი განაცხადა, რომ ამ რეგულაციების თაობაზე ავსტრალიურ მედიასაშუალებებთან, კომისიასა და მთავრობასთან მუშაობას გააგრძელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG