ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"გუგლის" და "ეფლის" ერთობლივი ახალი აპლიკაცია კორონავირუსის გავრცელების შეჩერებას ისახავს მიზნად


ორი ტექნოლოგიური გიგანტის - “ეფლისა” და „გუგლის“ - თანამშრომლობა იმ სისტემის შემუშავებას დააჩქარებს, რომლის მიზანიც კორონავირუსის გავრცელების მარშრუტებზე დაკვირვებაა. ევროპული ქვეყნები ტექნოლოგიის ამოქმედებას მიესალმებიან.

ეს სისტემა მობილური ტელეფონების ბლუთუზით - ახლო-რადიუსიან ტექნოლოგიას ეფუძნება. ტელეფონებს შორის არსებულ მანძილზე ინფორმაციის გამოყენებით, აპლიკაცია დაადგენს იმას, თუ დაინფიცირებული ადამიანის მიერ კორონავირუსის სხვებზე გადადების რისკი რამდენად მაღალია.

„ეფლი“ და „გუგლი“ აცხადებენ, რომ ეს ტექნოლოგია მაისში შევა მოხმარებაში. მოგვიანებით კი, მოკლე მანძილზე რადიოკავშირის ტექნოლოგიის მეშვეობით კონტაქტების დადგენის შესაძლებლობა, ტელეფონების საოპერაციო სისტემაში სრულად იქნება ინტეგრირებული.

კორონავირუსის გავრცელება უსიმპტომო ადამიანებსაც შეუძლიათ. მას შემდეგ, რაც ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდება, ამ ტექნოლოგიით შესაძლებელი გახდება მისი კონტაქტების გამოვლენა და იმ ადამიანების ამოცნობა, რომლებსაც მასთან ახლო კავშირი ჰქონდათ. ეს კი ვირუსის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტას შეუწყობს ხელს.

ტექნოლოგია ადამიანს მესიჯს გაუგზავნის და გააგებინებს, რომ მას შეხება ჰქონდა კოვიდ-19-ით დაავადებულ ადამიანთან და რომ უნდა წავიდეს და გაესინჯოს ექიმს, ან მოახდინოს თვითიზოლაცია.

მხარდამჭერები ამბობენ, რომ ბლუთუზ ტექნოლოგიის გამოყენება ადამიანის პირად ინფორმაციას, მათ შორის, ვინაობას და ტელეფონის ნომერს არ ამჟღავნებს და სხვა მეთოდებთან შედარებით, ის მინიმალურ პერსონალურ ინფორმაციას იღებს. ამ მეთოდის მომხრეები ასევე ამბობენ, რომ ის ეფექტური გზაა მასობრივი კარანტინების თავიდან ასაცილებლად, რადგან სავარაუდო კლასტერების მდებარეობა ადრეულ ეტაპზე და მარტივად გამოვლინდება.

თუმცა, გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს მონაცემების შენახვა. კიბერ უსაფრთხოებისა და პირადი ინფორმაციის დამცველები ამბობენ, რომ ნებისმიერი სახის ცენტრალიზებული მიდგომა შედეგად იმას მოიტანს, რომ მგრძნობიარე მონაცემები ერთ სერვერზე იქნება შენახული. ეს კი მეორეს მხრივ, ზოგიერთ მთავრობას საშუალებას მისცემს, სურვილის შემთხვევაში, საკუთარ მოქალაქეებს უთვალთვალოს.

ევროპის ქვეყნები, კორონავირუსის დამარცხების ძალისხმევაში ორი გიგანტის თანამშრომლობას მიესალმებიან. თუმცა, ამ დროისთვის გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ექსპერტები ამბობენ , რომ თუ მობილურების მომხმარებელთა 60%-მა აპლიკაცია არ გადმოწერა, ის ეგრეთწოდებულ, ციფრული "ჯოგური იმუნიტეტის" გამომუშავებაში გამოუსადეგარი იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG