ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალია ჯანმოს წევრებს ვირუსზე გამოძიების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს


ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა წევრმა სახელმწიფომ კორონავირუსის თაობაზე დამოუკიდებელ მოკვლევას მხარი უნდა დაუჭიროს. სკოტ მორისონის ამ განცხადებამ შესაძლოა, ჩინეთთან ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავოს.

ავსტრალია აქტიურად აკრიტიკებს პეკინს და ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, მის როლსა და ქმედებებს. მორისონი მსოფლიოს რამდენიმე ლიდერს საერთაშორისო გამოძიების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რომელმაც უნდა დაადგინოს ვირუსის წარმოშობისა და მისი გავრცელების გარემოებები, ისევე როგორც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პასუხი და რეაგირება.

ჩინეთი ამგვარ გამოძიებას ეწინააღმდეგება და მის საჭიროებას ამერიკის მიერ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევს.

თუმცა, ავსტრალია აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა წევრი ვალდებული უნდა იყოს, რომ ჩაერთოს ამ მოკვლევაში. საკითხის გატანას ქვეყანა 17 მაისს, ორგანიზაციის ასამბლეაზე შეეცდება.

ჩინეთი ავსტრალიის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დაძაბულია, რადგან ავსტრალია პეკინს კიბერ-თავდასხმებსა და მის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.

კოვიდ-19 ჩინეთში წარმოიშვა და დანარჩენ მსოფლიოში გავრცელდა. 2.3 მილიონი ადამიანი ინფიცირებულია, 160 000-მდე კი გარდაიცვალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG