უკრაინას დამატებით 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გადაეცემა

დღეს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა, უკრაინის უსაფრთხოების და თავდაცვის კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, დაშვებული ფონდებიდან 1 მილიარდი დოლარის ოდენობის უსაფრთხოების დახმარების გაცემის საპრეზიდენტო ნებართვის შესახებ გამოაცხადა. ეს ნებართვა მეთვრამეტეა 2021 წლის აგვისტოს შემდეგ, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ თავდაცვის დეპარტამენტის საცავებიდან უკრაინისთვის აღჭურვილობის გასაცემად გამოიყენა. ეს, ამ ნებართვის გამოყენებით ამერიკული შეიარაღების და აღჭურვილობის უდიდესი ერთჯერადი გაცემაა და ეს პაკეტი მოიცავს დამატებითი ამუნიციის, იარაღის და აღჭურვილობის მნიშვნელოვან რაოდენობას, რომელთა სახეობებს უკრაინელი ხალხი საკუთარი ქვეყნის დასაცავად ასე ეფექტურად იყენებს.

ასევე ნახეთ: აშშ უკრაინას დამატებითი სარაკეტო თავდაცვის სისტემით დაეხმარება

ამ პაკეტში ჩართულია:

  • დამატებითი ამუნიცია მობილური სარაკეტო საარტილერიო სისტემებისთვის (HIMARS)
  • 155 მმ კალიბრის 75,000 საარტილერიო ჭურვი
  • 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნი სისტემის 20 ერთეული და 20,000 120 მმ-იანი ნაღმი
  • საბრძოლო მასალა მოწინავე “მიწა-ჰაერი” სარაკეტო სისტემისთვის National Surface-to Air Missile Systems (NASAMS)
  • 1,000 „ჯაველინი“ და ასობით ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემა AT4
  • 50 ჯავშნიანი სამედიცინო ავტომანქანა
  • C4 ფეთქებადი მასალა, სანგრევი საბრძოლო მასალა და სანგრევი აღჭურვილობა
  • სამედიცინო მარაგები, რომელშიც შედის პირველადი დახმარების კომპლექტები, სახვევები, მონიტორები და სხვა აღჭურვილობა.

მთლიანობაში, ბაიდენის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში ყოფნის დასაწყისიდან, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უსაფრთხოების საჭიროებებისთვის დაახლოებით 9.8 მილიარდი დოლარი გამოუყო. 2014 წლის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინის უსაფრთხოებისთვის 11,8 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.

უკრაინის ბრძოლის ველის ცვალებადი მოთხოვნების შესაბამისად, შეერთებული შტატები გააგრძელებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა უკრაინა უზრუნველყოს საკვანძო შესაძლებლობებით, რომელიც გათვლილია იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღოს.