ქართველები და აფხაზები უკრაინის ფრონტის ორივე მხარეს

უკრაინის არმიის ოფიცერი დაღუპულ ქართველ თანამებრძოლს ეთხოვება

ეთნიკური აფხაზი, 34 წლის ირაკლი ადლეიბა, ოკუპირებული ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში, 8 ივნისს დაკრძალეს. ეს პირველი მსხვერპლია, რომელიც აფხაზებმა რუსეთ-უკრაინის ომში გაიღეს. ადლეიბა ე.წ "ინტერნაციონალური ბრიგადის" - „პიატნაშკას“ დაქირავებული მებრძოლი იყო.

დაქირავებული მებრძოლების ეს ბანდიტური დაჯგუფება დიდი ხანია ე.წ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ანუ რუსეთის საოკუპაციო ჯარების მხარეზე იბრძვის.

ე.წ "ბრიგადაში" არიან რუსები, ოსები, სომხები და აფხაზები. მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკურად ჭრელ "ბრიგადაში", აფხაზები უმცირესობაში არიან, „პიატნაშკას“ მეთაური, 29 წლის ახრა ავიძბაა, მეტსახელად „აფხაზი“, რომელსაც ე.წ „დონეცკის გმირის“ წოდებაც კი მიანიჭეს.

უკრაინაში მოკლული აფხაზი ბოევიკი ადლეიბა, ოკუპირებულ სოფელ ტამიშში დაკრძალეს

„ქართველებთან ომის ადვილი იყო იმ თვალსაზრისით, რომ იქ არჩევდი ვინ იყო მტერი და ვინ მოყვარე. აქ ძალიან ძნელია გარჩევა ვინ ვინ არის, ჩვენთან სხვა ომი იყო, აქ კი სულ სხვა ომია.“
ბესიკ ლიპარტია, დაქირავებული აფხაზი ბოევიკი, უკრაინის ომში

დაქირავებული ადლეიბა 3 ივნისს, აღმოსავლეთ უკრაინაში, პატარა ქალაქ მარინკაზე განხორციელებული ბოლო შეტევის დროს დაიღუპა. ამ ბრძოლაში დაიჭრა ორი აფხაზი. კიდევ ერთი დაქირავებული აფხაზი ბოევიკი ბესიკ ლიპარტია ამბობს, რომ აფხაზეთის ომი, სულ სხვა ომი იყო:

„ქართველებთან ომის ადვილი იყო იმ თვალსაზრისით, რომ იქ არჩევდი ვინ იყო მტერი და ვინ მოყვარე. აქ ძალიან ძნელია გარჩევა ვინ ვინ არის, ჩვენთან სხვა ომი იყო, აქ კი სულ სხვა ომია.“

„უკრაინელი ნაციონალისტები აფხაზეთში ქართველების მხარეს იბრძოდნენ და სწორედ ამიტომ ვიბრძვით ჩვენ უკრაინელებს წინააღმდეგ.

ეს ნაციონალისტური დაჯგუფებები: უნა-უნსო აფხაზეთში ყველას კარგად ახსოვს. ამიტომ, სანამ ყველაფერი არ დასრულდება მე იქ ვიქნები.“ - ასე ხსნის აფხაზი დაქირავებულების მოტივაციას კიდევ ერთი დაქირავებული ბოევიკი, სტავროს ბაგათელია, რომელიც ოჩამჩირის რაიონის სოფელ არასაძიხიდან არის.

რაც შეეხებათ ეთნიკურ ქართველებს. უკრაინის არმიის მხარეს ოფიციალურად იბრძვის ქართველი მოხალისეების დიდი ჯგუფი, ისინი „ქართულ ლეგიონში“ არიან გაერთიანებულნი. მათ, თადარიგის გენერლის შოთა მამულაშვილის ვაჟი მამუკა მამულაშვილი ხელმძღვანელობს. აფხაზეთის ომის ვეტერანი მამა-შვილი ტყვეობაშიც არიან ნამყოფი.

სხვადასხვა მონაცემით, ქართველების რაოდენობა უკრაინულ სამხედრო შენაერთებში ამჟამად, 100-დან 150 მებრძოლამდე მერყეობს.

უკრაინის არმიის გაწვრთნაში ჩართულნი არიან: საქართველოს არმიის პირველი ქვეითი ბრიგადის ყოფილი მეთაური პოლკოვნიკი დავით მაყიშვილი; მე-11 ბრიგადის და კომანდოს ბატალიონის დაზვერვის ყოფილი უფროსი ირაკლი ქურასბედიანი;

ვიცე პოლკოვნიკი ირაკლი ქურასბედიანი, უკრაინის იავორივის სამხედრო პოლიგონზე, ლვივთან ახლოს

ეროვნული გვარდიის ყოფილი პოლკოვნიკი დავით მარტიაშვილი; შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული ცენტრის ყოფილი უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა აბაშიძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბახვა ჩიქობავა, გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე; მისი ყოფილი მოადგილე, პოლკოვნიკი მერაბ კიკაბიძე და სხვები.

„ქართული ლეგიონის“ 29 მებრძოლი უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა „უკრაინის სიყვარულისა და მისთვის თავგანწირვისთვის“ ორდენებით დააჯილდოვა. მათ შორის, ორი სიკვდილის შემდეგ.

რუსეთ-უკრაინის გამოუცხადებელ ომში, უკრაინელთა მხარეს უკვე სამი ქართველი მებრძოლია დაღუპული. ქუთაისელი ალექსანდრე გრიგოლაშვილი, თამაზ სუხიაშვილი ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხადან და თბილისელი გიორგი ჯანელიძე, რომელიც აპრილში შიროკინოსთვის ბრძოლაში დაეცა. „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი ამბობს:

„ეს არის ის ერთადერთი ერი, რომელიც ჩვენ დაგვეხმარა, ყველაზე ცუდ პერიოდში ჩვენი ისტორიის. ასე, რომ ვისაც შეგიძლიათ, გთხოვთ გაუმართოდ ხელი, ან თუნდაც, ერთი ძვირფასი სიტყვა შეაწიოთ უკრაინელებს,
მამუკა მამულაშვილი, "ქართული ლეგიონი"

„ეს არის ის ერთადერთი ერი, რომელიც ჩვენ დაგვეხმარა, ყველაზე ცუდ პერიოდში ჩვენი ისტორიის. ასე, რომ ვისაც შეგიძლიათ, გთხოვთ გაუმართოდ ხელი, ან თუნდაც, ერთი ძვირფასი სიტყვა შეაწიოთ უკრაინელებს, იმიტომ რომ ძალიან ძვირფასი ერია ჩვენთვის!

აქ, ომში ჩვენი მოწინააღმდეგეები, სამწუხაროდ არიან ქართველებიც, მეორე მხარეს, რომლებიც იბრძვიან რუსეთის დაკვეთით და ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი.“

რუსეთის რეგულარური ჯარებისა და რუსი სეპარატისტების მხარეს მებრძოლი ეთნიკური ქართველებიდან აღსანიშნავია, თბილისელი თემურ გოგიაშვილი, რომლის მეუღლე, ეკატერინე ფილიპოვა, ე.წ "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ე.წ "იუსტიციის მინისტრია".

გოგიაშვილი წლების მანძილზე უკრაინაში და რუსეთში ცხოვრობდა და 2014 წელს, რუს სეპარატისტებს შეუერთდა. იგი საქართველოში ფინანსური დანაშაულისთვის იძებნება. მისი მშობლები დღემდე თბილისში, ვარკეთილში ცხოვრობენ.

რუსების მხარეს ასევე იბრძვის: საქართველოს არმიის სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი მფრინავი თბილისელი არამ ავაგიანი.

იგი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან, გასული საუკუნის 90-იან წლებში დაითხოვეს როცა სვანეთში, ავაგიანის შეცდომის გამო, შეიარაღებული ძალების Mi-8T ტიპის ვერტმფრენმა აფრენის დროს ავარია განიცადა და მისი შეკეთება შეუძლებელი გახდა. საქართველოს მოქალაქე ავაგიანი ანექსირებულ ლუღანსკის აეროდრომზე, Aero L-29 Delfín-ის კაბინაში გამოჩნდა.

რუსების მხარეს მებრძოლი მფრინავი თბილისელი არამ ავაგიანი და თბილისელი დაქირავებული, თემურ გოგიაშვილი, მეტსახელად "გოგი"

სეპარატისტების სხვადასხვა ბანდებში არიან: "პირველი სლავური ბრიგადის" ბოევიკი ბაჩუკი კორძაია, მამა-შვილი რომან და გია ფარცვანიები, რომლებიც ე.წ "ვოსტოკის" ბრიგადაში იბრძვიან; რუსთაველი გია ჯოღერდიშვილი, მეტსახელად "პრობლემა"; ბიძინა შამანაური, რუსეთის ქალაქ მინერალური წყლებიდან, რომლის მამაც თბილისში ცხოვრობს; ბარნაულელი ბალეტის ყოფილი მოცეკვავე დავით ბასილაშვილი, ხაბაროვსკელი სერგო იუზბაშვილი და სხვები.

2015 წლის იანვარში, ოკუპირებულ დონეცკთან ახლოს, აეროპორტთან შეტაკებისას მოკლეს, რუსების მხარეს მებრძოლი, დაქირავებული "მოხალისე", 31 წლის შალვა ბუხაიძე. იგი წარმოშობით თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარიდან იყო.

საქართველოს მოქალაქე ბუხაიძე წლების მანძილზე, უკრაინულ დონბასში, ქალაქ სელიდოვოში ცხოვრობდა. რუსეთის მიერ სეპარატიზმის გაღვივების შემდეგ, იგი ე.წ "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" შეიარაღებულ ბანდას შეუერთდა და უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო. ბუხაიძის ცხედარი ნათესავებმა საქართველოში გადმოასვენეს.