ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნახევარი მილიონი მძევლების სიცოცხლის სანაცვლოდ


ზუგდიდში, "საქართველოს ბანკთან" პოლიციაა მობილიზებული

21 ოქტომბერს, ზუგდიდში მოვლენები დრამატულად განვითარდა. „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, რომელიც გამსახურდიას ქუჩაზე მდებარეობს, შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა და 500 000 დოლარი მოითხოვა. აღმოჩნდა, რომ თანხის აღება მან იმდენად სწრაფად ვერ შეძლო, როგორც ვარაუდობდა (თვითმხილველების განცხადებებიდან ცნობილია, რომ მძარცველს ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვისგან უნდა მოეთხოვა სალაროს გაღება). დროის გაწელვის ფაქტორმა მდგომარეობა შეცვალა. შუადღის სამის ნახევრისთვის, „საქართველოს ბანკში“ მძარცველმა მძევლების აყვანა გადაწყვიტა. თანამშრომლები და ბანკის კლიენტები, ვინც იმ დროისთვის ბანკის სამსართულიან შენობაში იმყოფებოდნენ, დამნაშავის მსხვერპლი აღმოჩნდა. მან მძევლად 19 ადამიანის აიყვანა შეძლო. ძარცვის ოპერაციის თავდაპირველ ეტაპზე, ბანკის ზოგიერთმა თანამშრომელმა შენობიდან გამოღწევა სახურავიდან, სახანძრო კიბით მოახერხა.

ზუგდიდში განვითარებული მოვლენები სწრაფადვე მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. მედიის ფაქტორი თავდამსხმელმაც გამოიყენა, ის ტელევიზიებს დაუკავშირდა და მოთხოვნები ასეთი ფორმით გააჟღერა. ტელეკომპანია „მთავარი“ ერთ-ერთი პირველი იყო, რომელთან კონტაქტის სურვილი ბანკის მძარცველმა მოინდომა. ის ერთ-ერთი მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას მეშვეობით, ტელევიზიის ხელმძღვანელს, ნიკა გვარამიას დაუკავშირდა და იმ პირობების თაობაზე განუცხადა, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში, ის მძევლების ლიკვიდაციას დაიწყებდა.

ზუგდიდში განვითარებული კრიმინალური მოვლენა პოლიტიზების გარეშე არ დარჩენილა. „საქართველოს ბანკის“ მიმდებარედ დაპირისპირება ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავასა და „ქართული მარშის“ წარმომადგენელს, ირაკლი გაბედავას შორის მოხდა. გიგი უგულავამ, რომელიც უკანასკნელი რამდენიმე კვირაა ზუგდიდში იმყოფება და წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს, მზაობა გამოთქვა მძევლების ჩანაცვლების თაობაზე. „თუ ახლა გვისმენს გამტაცებელი, იცოდეს, რომ მე მზად ვარ [მძევლების ჩანაცვლებისთვის],- განაცხადა გიგი უგულავამ.

ირაკლი კვარაცხელია, ბანკზე თავდამსხმელის ერთ-ერთი მძევალი, ქართული მარშის წარმომადგენელი ირაკლი გაბედავასთვის „ნაცი ზონდერი“ აღმოჩნდა. სწორედ ასეთი დამოკიდებულება იქცა მასსა და გიგი უგულავას შორის შეხლა-შემოხლის მიზეზად. ამასთან, გაირკვა ისიც, რომ ირაკლი კვარაცხელია გიგი უგულავას მერობის პერიოდში, მერიის რიგითი თანამშრომელი გახლდათ, რომელიც ნარმანიას დროს გაათავისუფლეს. კვარაცხელიამ პოსტის დაკარგვის გამო სასამართლო მოუგო საჯარო უწყებას, მისი პოლიტიკური გემოვნება კი უცვლელი დარჩა. ამ ისტორიაში განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა, რომ არა ირონიული შემთხვევითობა: აშშ-ში ემიგრაციიდან დაბრუნებული კვარაცხელია, ერთ თვეში ბანკის ძარცვაში მოჰყვა მშობლიურ ქვეყანაში და „ნაცი ზონდერის“ იარლიყიც მიიღო.

ბანკზე თავდასხმის პოლიტიზება ამით არ დასრულებულა. ირაკლი კობახიძემ, ქართული ოცნების წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ ოპოზიცია ზუგდიდის ინციდენტის ფონზე, პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.

„მთავარი პრობლემა არის ის, რომ მძევლები არიან გასათავისუფლებლები და დამატებით, ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, თუ როგორ იქცევიან კონკრეტული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და უპასუხისმგებლო მედიები. ათზე მეტი განცხადება გაკეთდა პოლიტიკოსების მხრიდან, ეს იყო პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა, რაც არის გამაოგნებელი ასეთ ვითარებაში. რაც შეეხება მედია-საშუალებებს, ერთი, რომ იყო უპასუხისმგებლო ქმედებები და კონკრეტული ქმედებები, რაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა. ამას გეუბნებით, როგორც იურისტი. როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა და 19 მძევალია გასათავისუფლებელი, თქვენი ჟურნალისტები, „გლავ-კანალის“ და „პერვი კანალის“, მიდიან პრემიერ გახარიასთან და ეკითხებიან დანაშაულის სტატისტიკის შესახებ, ეს არის სირცხვილი,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ კონკრეტული მედია-საშუალებების წარმომადგენლების ქმედება დანაშაულებრივია, გამოეხმაურა „მთავარის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია. მან განაცხადა, რომ მედია სტანდარტების დაცვით მოქმედებდა. „მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლებოდა მემოქმედა სხვაგვარად, როდესაც ადამიანი გიკავშირდება და გეუბნება, რომ თუ მის თავზე მობჯენილი იარაღიანი თავდამსხმელის გზავნილს არ გააჟღერებ, მას მოკლავენ. მე ვერ ავიღებდი პასუხისმგებლობას, მისთვის რომ რამე დაეშავებინა თავდამსხმელს.“

სავარაუდოდ, მედიების მიერ საგანგებო და ტერორიზმის შემთხვევების გაშუქების სტანდარტი კიდევ დარჩება მსჯელობის საგნად, ისევე როგორც პრემიერ გახარიას განცხადება კრიმინალის სტატისტიკის კლების თაობაზე. პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ სპეც-ოპერაციების პირდაპირ ეთერში ჩვენება და მათ შესახებ საუბარი სწორი არ არის. მისივე თქმით, საქმე მხოლოდ ერთ დამნაშავესთან გვაქვს, რომელიც შეიარაღებული შეიჭრა ბანკში. „სტატისტიკა და ციფრები ნახეთ. არის გარკვეული დანაშაული, სადაც ზრდა გვაქვს. საერთოდ, კრიმინალს რაც შეეხება, სტატისტიკას რაც შეეხება, იქ ბევრი ისეთი დანაშაულია, რომელიც სამი, ოთხი, ორი წლის წინ, როგორ დანაშაული, საერთოდ, კვალიფიცირებული არ იყო. საერთო, ჯამური ზრდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრიმინალი ქვეყანაში გაიზარდა. მარტივ რჩევას მოგცემთ: აიღეთ მძიმე დანაშაულის მუხლები და შეადარეთ ბოლო რვა, ათი, თხუთმეტი წლის მაჩვენებელს და ზუსტად ნახავთ სტატისტიკას, რა ხდება“- ამბობს გიორგი გახარია.

სამართალდამცავების მიერ დამნაშავის განეიტრალების სპეც-ოპერაციის დაწყებიდან შვიდი საათის შემდგომ, 19-დან 17 მძევალი განთავისუფლებულია. ადგილობრივი ტელევიზიის მიერ გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ თავდამსხმელმა ბანკში მყოფ ორ მძევალთან და ზუგდიდის სამხარეო პოლიციის უფროს ავთანდილ გალდავასთან ერთად, ბანკის შენობა დატოვა დიდი ჩანთით.

ორი მძევალის გათავისუფლება ზუგდიდში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:29 0:00

ამ დროისთვის ბანკზე თავდასხმის სხვა ყველა დეტალის თაობაზე მხოლოდ კითხვები არსებობს. უცნობია, როგორც თავდამსხმელის ვინაობა, ასევე ისიც, გადაუხადეს თუ არა მას მოთხოვნილი თანხა და დააკმაყოფილეს თუ არა მისი ულტიმატუმი სრულყოფილად. ასევე, რა მიმართულებით გეგმავდა მოთხოვნილი ვერტმფრენის გამოყენებას ბანკის მძარცველი და სხვა.

ზუგდიდში მომხდარი შემთხვევა „საქართველოს ბანკის“ გაძარცვის ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. ზუსტად ხუთი წლის წინ, 2015 წლის 24 ოქტომბერს, „საქართველოს ბანკის“ ცენტრალური ფილიალიდან თბილისში, დაახლოებით 10 მილიონი ლარის მოპარვა შეძლეს. საქმის მთავარი დამნაშავის თაობაზე დღემდე არაფერია ცნობილი. ბანკის საინკასაციო მანქანა, რითაც ნაღდი ფულის წაღება შეძლეს დამნაშავეებმა, მოგვიანებით იპოვეს, თანხის დიდი ნაწილი კი, არსებული ვარაუდის თანახმად, ლარსის საბაჟოს მიღმა აღმოჩნდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG