ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკის თქმით, ახლა ყველაფერი ამერიკაზეა დამოკიდებული


უკრაინა

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის აღმოსავლეთში "გაცილებით დიდ ოპერაციებს დაიწყებენ". უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინის ძალები ამისთვის მზად იქნებიან და მათ "პასუხს გასცემენ". კვირას ღამით გაკეთებულ ვიდეო-მიმართვაში ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო დღეები ისევე კრიტიკული იქნება, როგორც სხვა დანარჩენი, რუსეთის მიერ დაწყებულ ომში, რომელიც უკვე მეექვსე კვირაა გრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ ტელეკომპანია "სი-ბი-ესს" (CBS) იმავე საღამოს უთხრა, რომ უკრაინის გადარჩენა ახლა დამოკიდებულია შეერთებული შტატების ჩართულობაზე და შეიარაღების მიწოდების გაზრდაზე. პრეზიდენტ ჯო ბაიდენს "აქვს სია" ჩვენი საჭიროებების, აღნიშნავს ზელენსკი და მას შეუძლია შევიდეს ისტორიაში, როგორც ადამიანი, რომელიც უკრაინელ ხალხს გვერდში ედგა საკუთარი სახელმწიფოებრიობის ქონის უფლების დაცვაში და გამარჯვებაში.

მსოფლიო

დღეს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. ისინი რუსეთზე ახალი სანქციების დაწესებას განიხილავენ.

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ხვდება. ეს ევროპელი ლიდერის პირველი ვიზიტია მოსკოვში, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაზე 24 თებერვალს ფართომასშტაბიანი თავდასხმა დაიწყო.

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს ვირტუალურ შეხვედრას მართავს ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან. რუსეთზე დასავლეთის მზარდი წნეხის ფონზე, ინდოეთმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავა. დელი აგრძელებს რუსეთის გაზის და ბენზინის შესყიდვას. ინდოეთის მთავრობამ, გაეროში ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვის თაობაზე გამართულ კენჭისყრაზეც, თავი შეიკავა. თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ საკიმ კვირას განაცხადა, რომ ბაიდენი ამ შეხვედრაზე გაამახვილებს ყურადღებას "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული სასტიკი ომის შედეგებზე" და იმ დესტაბილიზაციაზე, რაც მოსკოვის ქმედებით გლობალური მომარაგების ქსელებმა და ბაზრებმა განიცადა.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დაადასტურა, რომ რუსეთის ძალები აგრძელებენ დონეცკის და ლუჰანსკის რეგიონების დაბომბვას. თუმცა, უკრაინის ძალებმა მათი მოგერიება ბევრგან შეძლეს და რუსეთის "ბევრი ტანკი, სამხედრო მანქანა და საარტილერიო დანადგარი გაანადგურეს".

გაეროს მონაცემებით, მიმდინარე კონფლიქტის შედეგად, 44 მილიონი მოსახლეობის მქონე უკრაინიდან თითქმის მეოთხედი იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა. აქედან 4.5 მილიონი ლტოლვილი თავს უცხოეთს აფარებს.

დღეს ახალმა ზელანდიამ განაცხადა, რომ უკრაინის დასახმარებლად ახალ ტვირთს აგზავნის. დახმარება მოიცავს სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავს და 50-კაციან დამხმარე პერსონალს, რათა სამხედრო აღჭურვილობა ევროპის ცენტრებში განლაგდეს და იქიდან უკრაინას სახმელეთო გზით მიეწოდოს.

რუსეთი

უკრაინაში რუსეთის ძალების წინსვლის შეფერხების ფონზე, რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ახალი მეთაური დაამტკიცა. შეერთებული შტატების ინფორმაციით, ახალი ლიდერი გენერალი ალექსანდრე დვორნიკოვია.

გენერალი დვორნიკოვი რუსეთის არმიაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ოფიცერია. ვაშინგტონში ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ის სირიაში და სხვა საომარ ზონებში განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.

დვორნიკოვი სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძალების წარუმატებელი ბრძოლების ფონზე, 2015 წელს გააგზავნეს. მან რუსეთის ძალებს სირიაში ერთი წლის მანძილზე უხელმძღვანელა და სამშობლოში "გმირის" სახელით დაბრუნდა. უკრაინაში მებრძოლი ძალების მეთაურობამდე, გენერალი დვორნიკოვი რუსეთის სამხრეთ სამხედრო უბანს ხელმძღვანელობდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG