ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კულება: თქვენ მოგვეცით იარაღი და ჩვენ ომში სიცოცხლეს შევწირავთ


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ხუთშაბათს თქვა, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა უკრაინისთვის იარაღის მიცემაზე იმის გამო იკავებს თავს, რომ რუსეთთან კონფლიქტი აიცილონ თავიდან. მისი თქმით, თუ ევროპა უკრაინას მიცემს იარაღს, რომელიც მას სჭირდება, უკრაინელები იბრძოლებენ და შედეგაგდ, ბრძოლა სხვას აღარ მოუწევს.

„ვფიქრობ, წინადადება, რომელსაც უკრაინა გვთავაზობს, სამართლიანია: თქვენ გვაძლევთ იარაღს, ჩვენ ვწირავთ ჩვენს სიცოცხლეს და ომი უკრაინის გარეთ არ გადის“, თქვა კულებამ.

კულებამ ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ ფრთხილი ოპტიმიზმი გამოთქვა იმის შესახებ, რომ ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყანა უკრაინას გაუზრდის იარაღით მომარაგებას, რაც კიევს დაეხმარება რუსეთის აგრესიის მოგერიებაში, თუმცა გამოვიდა მოწოდებით, რომ გადაწყვეტილებები და მოქმედება სწრაფი უნდა იყოს.

"ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ ჩვენი დისკუსიის შედეგს", თქვა მან. მან უარი განაცხადა დაეკონკრეტებინა რომელი ქვეყნები მიაწვდიან უკრაინას იარაღს და რა ტიპის შეიარაღება იქნება ეს, თუმცა თქვა, რომ იარაღი უკრაინაში მალე უნდა ჩავიდეს, რადგან რუსეთი ემზადება ახალი შეტევისთვის აღმოსავლეთის დონბასის რეგიონში.

"ან ახლა დაგვეხმარებით - და ვგულისხმობ დღეებს და არა კვირებს - ან თქვენი დახმარება დაგვიანებული იქნება", - თქვა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა დასავლეთის ქვეყნები იმის გამო, რომ მათ სათანადო სისწრაფით არ დააწესეს სანქციები და გვიან იმოქმედეს, მაგალითად, უკრაინის ქალაქ ბუჩასთან მიმართებით, საიდანაც ომის დანაშაულების შესახებ გავრცელდა ცნობები.

"კიდევ რამდენი ბუჩა უნდა მოხდეს საიმისოდ, რომ სანქციები დააწესოთ? რამდენი ბავშვი, ქალი, კაცი უნდა მოკვდეს, უდანაშაულო სიცოცხლე დაიკარგოს, რათა გაიგოთ, რომ თქვენთვის სანქციებით გადაღლის დაშვება არ შეიძლება, ჩვენთვის ბრძოლით გადაღლის დაშვება არ შეიძლება?" - თქვა კულებამ.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებაზე და მას მიაწვდიან იარაღის სისტემათა ფართო სპექტრს.

XS
SM
MD
LG