ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებას ითხოვს, მოსკოვი კი შეთანხმების დაცვას მხოლოდ დღისით გეგმავს


მარიუპოლი, უკრაინა. 4 მაისი, 2022 წ.
მარიუპოლი, უკრაინა. 4 მაისი, 2022 წ.

რუსეთმა დღეს უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ცეცხლის შეწყვეტის პირობა დადო. ქალაქის უმეტეს ნაწილს ახლა მოსკოვი აკონტროლებს, გარდა ბოლო სიმაგრისა - "აზოვსტალის" მეტალურგიული ქარხნის - რომელშიც სამოქალაქო პირებთან ერთად, უკრაინელი მებრძოლები არიან გამაგრებული. საწარმოდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას გაერო და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია ცდილობს.

კრემლი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა პარასკევს დღისითაც მოხდება. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი ითხოვს, რომ ცეცხლის შეწყვეტა უფრო უნდა გახანგრძლივდეს, რათა "აზოვსტალიდან" მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გაიყვანონ. მან მოსახლეობას ხუთშაბათს მიმართა.

"დრო დასჭირდება მიწისქვეშა თავშესაფრებიდან და სარდაფებიდან ხალხის გამოყვანას. არსებულ პირობებში, ვერ გამოვიყენებთ მძიმე დანადგარებს, რომ მისასვლელები ნანგრევებისგან გავათავისუფლოთ. ეს ყველაფერი ხელით უნდა მოხდეს" - აცხადებს ზელენსკი.

ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა თქვა, რომ ის სკეპტიკურად უყურებს რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვას. "გამუდმებით ვხედავთ იმას, ბოლო დღეებშიც კი, რუსეთის ფედერაცია თავის მხრივ ე.წ. ჰუმანიტარულ პაუზას იყენებს იმისთვის, რომ მაშინვე სწრაფად განაახლოს დაბომბვა და ძალადობა, მათ შორის - მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელიც მარიუპოლში და მსგავს ალყაშემორტყმულ ადგილებშია გაჭედილი" - აღნიშნავს პრაისი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ოთხშაბათს თქვა, რომ მარიუპოლიდან, ბერდიანსკიდან და რამდენიმე სხვა ქალაქიდან 300-ზე მეტი მოქალაქე გამოიყვანა. ისინი ახლა უკრაინის მიერ კონტროლირებულ ზაპორიჟიაში იმყოფებიან და ჰუმანიტარულ დახმარებას იღებენ.

"მართალია, ეს მეორე ევაკუაცია მარიუპოლის და მიმდებარე ტერიტორიიდან მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით მეტია გასაკეთებელი, რათა ყველა მშვიდობიანმა მოსახლემ შეძლოს იქიდან გასვლა იმ მიმართულებით, საითაც მათ სურთ" - ამბობს ოსნათ ლუბრანი, გაეროს ჰუმანიტარული მისიის კოორდინატორი უკრაინაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG