ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ისრაელს "ნეო-ნაცისტების" მხარდაჭერაში სდებს ბრალს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელს სამშაბათს ბრალი დასდო, რომ ის მხარს უჭერს ნეო-ნაცისტებს უკრაინაში. ამან კიდევ უფრო გაამძაფრა რუსეთსა და ისრაელს შორის დიპლომატიური განხეთქილება. ორი ქვეყნის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იტალიურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ადოლფ ჰიტლერი ებრაული წარმომავლობის იყო.

ისრაელმა ორშაბათს თქვა, რომ ლავროვის კომენტარი „უპატიებელი“ სიცრუეა და მისი მიზანი ჰოლოკოსტის საშინელებების მინიმალიზებაა. ჰოლოკოსტს 6 მილიონი ევროპელი ებრაელის და სხვა უმცირესობების სიცოცხლე ემსხვერპლა.

დასავლეთის ქვეყნებმა ლავროვის განცხადება დაგმეს. ლავროვმა განცხადება მაშინ გააკეთა, როცა მას კითხეს, რას ნიშნავს „დენაციფიკაცია“ იმ ფონზე, როცა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაში თქვა, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდის კომენტარები „ანტი-ისტორიულია“ და „აჩვენებს იმას თუ რატომ უჭერს ისრაელის არსებული მთავრობა კიევში ნეო-ნაცისტურ რეჟიმს“.

მოსკოვმა გაიმეორა ლავროვის განცხადება, რომ ზელენსკის ებრაული წარმომავლობა, არ გამორიცხავს იმას, რომ უკრაინა ნეო-ნაცისტების მიერ იმართება. „ანტისემიტიზმი ყოველდღიურობაა და (უკრაინის) პოლიტიკაში არ აღიკვეთება, არამედ ხელი ეწყობა მას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ისრაელმა გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, იქ რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ. თუმცა რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭების შიშით, პირდაპირ ის არ აკრიტიკებდა მოსკოვს და არ უწესებდა სანქციებს რუს ოლიგარქებს.

XS
SM
MD
LG