ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი შვებას გრძნობს ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის გაფრთხილების სიგნალების გამო


ორი თვის წინ შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოთქვა, რომ ჩინეთი მზად იყო რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებოდა. თუმცა აშშ-ის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ვაშინგტონს არ აქვს მტკიცებულება, რომ ჩინეთი აშკარად ეხმარება რუსეთს სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით. ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ეს მისასალმებელია აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში მიმდინარე დაძაბულ პერიოდში.

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა „როიტერს“ განუცხადეს, რომ ისინი ყოველთვის ფრთხილობენ ჩინეთის მხრიდან რუსეთის მიმართ გრძელვადიანი მხარდაჭერის თაობაზე. თუმცა მათი თქმით, ის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა, რომლის მოლოდინიც მათ ჰქონდათ, ჩინეთს რუსეთისთვის არ მიუწოდებია, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ჩინეთს რუსეთთან ენერგორესურსების გადამუშავების ახალი კონტრაქტები არ დაუდია, იმის მიუხედავად, რომ მოსკოვი პეკინს დიდ ფასდაკლებებს სთავაზობს. ჩინეთის სახელმწიფო კომპანია "სინოპეკმა" რუსეთთან მოლაპარაკებები მარტში შეაჩერა.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პეკინი რუსეთს შეიძლება პირდაპირ არ ეხმარებოდეს, კომუნისტურ პარტიას რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი ოფიციალურად არ დაუგმია.

ვაშინგტონის ეს ერთგვარი შვება გადამწყვეტ დროს მოდის. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აზიას ფიციალური ვიზიტით ეწვევა, რომლიც მიზანიც პარტნიორ ქვეყნებთან ჩინეთის მზარდ გავლენებზე საუბარი იქნება. ამასთან, ბაიდენის ადმინისტრაცია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის გამოქვეყნებისთვის ემზადება, რომლის დიდი ნაწილი ჩინეთის აღზევება და მასთან თავის გართმევის მეთოდები იქნება.

XS
SM
MD
LG