ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა: ევროკავშირის მკაცრი სანქციები, ევაკუაცია მარიუპოლიდან, რუსეთის სამიზნე - ნატოს ტვირთი და წვრთნები მეზობელ ბალარუსში


"აზოვსტალის" მეტალურგიული ქარხანა მარიუპოლში, უკრაინა

ევროპის კავშირმა წარმოადგინა უმკაცრესი სანქციები, რომლებიც რუსულ საწვავზე ემბარგოს რამდენიმე ფაზად ითვალისწინებს. მარიუპოლიდან ევაკუაცია გრძელდება. პარალელურად, რუსეთი უკრაინის ინტენსიურ დაბომბვას აგრძელებს. მეზობელ ბელარუსში კი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო.

უკრაინაზე რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმიდან თითქმის 10 კვირის შემდეგ, ათასობით ადამიანი დაღუპულია, მილიონობით უკრაინელი დევნილად, ან ლტოლვილად იქცა, აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის ქალაქები კი მიწასთანაა გასწორებული. ომში რუსეთი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაწინაურდა და პერიოდულად დასავლეთ უკრაინის დაბომბვასაც აგრძელებს. მოსკოვის სამიზნე ზოგჯერ დასავლეთის ქვეყნებიდან კიევის დასახმარებლად შესული შეიარაღებაც არის.

მარიუპოლი

რუსეთის მიერ დაპყრობილი მარიუპოლიდან დევნილთა ევაკუაცია განახლდა. მისი ორგანიზატორია გაერო და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი. მათ ჩასვლას ზაპორიჟიაში, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს, დღეს ელიან.

კიევი ადასტურებს, რომ აზოვის ზღვის საპორტო ქალაქიდან ევაკუირებულთა ავტობუსებით სავსე მორიგი კოლონა დაიძრა. თუმცა, "აზოვსტალის" მეტალურგიულ ხარხანაში კი ჯერ კიდევ რჩება უკრაინული სამხედრო ძალების ნაწილი და ასევე მათთან მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილი, რომლებიც მოსკოვის განცხადებით, მჭიდრო ბლოკადაში არიან.

ევროკავშირის მკაცრი სანქციები

მოსკოვზე წნეხის გაზრდის მიზნით, ევროკომისიამ რუსული საწვავის იმპორტის შეწყვეტის წინადადება წამოაყენა. პროცესი რამდენიმე ფაზას მოიცავს, დაახლოებით 6 თვე გაგრძელდება და 2022 წლის ბოლომდე დასრულდება. ამ ცნობის გავრცელებისთანავე, საწვავის ფასი 3%-ით გაიზარდა და ბარელზე $108 გახდა. წყაროები საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" აცნობებენ, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი ამ ახალი სანქციებიდან მათი ქვეყნებისთვის გამონაკლისის დაშვებას ითხოვენ.

ამას გარდა, სანქციები უწესდება რუსეთის უდიდეს ბანკს "სბერბანკს", 2 ფინანსურ ორგანიზაციას, 3 სახელმწიფო მაუწყებელს, რუსული არმიის ოფიცრებს და სხვა ინდივიდებს, რომელთაც უკრაინაში ომის დანაშაული ბრალდებათ. "[პრეზიდენტმა ვლადიმირ] პუტინმა საფასური უნდა გადაიხადოს, მას ძვირი უნდა დაუჯდეს ეს მისი სასტიკი აგრესია" - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა სტრასბურგში, ევროპის პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას. მის სიტყვებს პარლამენტარები აპლოდისმენტებით შეეგებნენ.

მოსკოვის სამიზნე - ნატოს დახმარება

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ ისინი სამიზნედ ნატოს ტრანსპორტსაც ჩათვლიან, რომლითაც უკრაინას შეიარაღება მიეწოდება და მათაც გაანადგურებენ. ინფორმაციას რუსული სააგენტო "რია ნოვოსტი" ავრცელებს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი პასუხად აცხადებს, რომ უკრაინას შეიარაღებას არა ნატოს ჯარები, არამედ ინდივიდუალური წევრი სახელმწიფოები აწვდიან.

შოიგუს კომენტარამდე მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში 6 სარკინიგზო სადგური გაანეიტრალა, რომელთაც უკრაინის ძალები დასავლური შეიარაღების ქვეყნის აღმოსავლეთში გასაგზავნად იყენებდა. ამას გარდა, მოსკოვი ამბობს, რომ მათ დაბომბეს 40 სამხედრო სამიზნე, მათ შორის - იარაღის და ამუნიციის საწყობები. ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმების საშუალება "როიტერს" არ ჰქონია. აღნიშნულზე კომენტარი ჯერ კიევსაც არ გაუკეთებია.

წვრთნები ბელარუსში

პარალელურად, ბელარუსში მოულოდნელად მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ვარჯიშები მეზობელ ქვეყნებს საფრთხეს არ უქმნის.

თუმცა, უკრაინის სასაზღვრო დაცვა თვლის, რომ ბელარუსის ძალები შესაძლოა რუსეთს დაეხმაროს და მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებში მიიღოს. "შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ" - აცხადებს ანდრი დემჩენკო, უკრაინის სასაზღვრო დაცვის სამსახურის პრესსპიკერი.

საცხრამაისო სპეკულაცია

კრემლმა დღეს უარყო სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ 9 მაისს, როცა რუსეთი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას აღნიშნავს, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინასთან ომს და სამხედრო მობილიზაციას ოფიციალურად გამოაცხადებს.

9 მაისს მოსკოვში წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმი გაიმართება. აღლუმს პრეზიდენტი პუტინი ჩაიბარებს, რომელიც გამარჯვების დღეს ერისადმი მიმართვას გაგმავს.

უკრაინის წინააღმდეგობა

მას შემდეგ, რაც მოსკოვს უკრაინის დედაქალაქ კიევის მიმართულებით იერიში ჩაუვარდა, რუსეთმა აქცენტი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით გადაიტანა და გარკვეულ სტრატეგიულ წარმატებებს მიაღწია. ამის მიუხედავად, უკრაინა თავდამსხმელი აგრესორის წინააღმდეგ მტკიცე ბრძოლას აგრძელებს.

"რუსეთს დაწინაურება უჭირს და საშინელ დანაკარგებს განიცდის. ამდენად, ის სასოწარკვეთით აგრძელებს სარაკეტო ტერორს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. მაგრამ, ჩვენ არ გვეშინია და მათ არც მსოფლიო უნდა შეუშინდეს" - თქვა დმიტრო კულებამ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

"მეტი სანქცია რუსეთს. მეტი მძიმე შეიარაღება უკრაინას. რუსეთის სარაკეტო ტერორიზმი უნდა დაისაჯოს" - დაწერა კულებამ რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელ "ტვიტერზე".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG