ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა გაიმარჯვებს და ევროკავშირის წევრი გახდება - ზელენსკი ევროპარლამენტში


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე. ბრიუსელი, ბელგია. 9 თებერვალი, 2023 წ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე. ბრიუსელი, ბელგია. 9 თებერვალი, 2023 წ.

ევროპის კავშირის ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ფეხზე ამდგარი და ოვაციებით შეხვდნენ. პარასკევს, 9 თებერვალს, ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს მეტი შეიარაღება სთხოვა უკრაინაში შეჭრილი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ევროპარლამენტისადმი გაკეთებულ მიმართვაში, ბრიუსელში ჩასულმა უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროპის სახელმწიფოთა ლიდერებს უკრაინის მიმდინარე მხარდაჭერისთვის. ზელენსკის თქმით, უკრაინა არამარტო გაიმარჯვებს საკუთარი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, არამედ ევროპის კავშირის წევრიც გახდება. უკრაინელები მოკავშირეთა მხარდაჭერით "თავს იცავენ თანამედროვეობის უდიდეს ანტიევროპული ძალასთან ბრძოლაში" - განაცხადა მან.

რობერტა მეცოლამ, ევროპული პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ის მხარს უჭერს ზელენსკის მოწოდებებს, უკრაინის კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერის თაობაზე. "ჩვენ ვიცით იმ მსხვერპლზე, რომელსაც თქვენი ხალხი ევროპისთვის იღებს და მოვალენი ვართ მათ არამარტო სიტყვიერად, არამედ საქმითაც პატივი მივაგოთ" - განაცხადა მეცოლამ.

ევროპული პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მეტი ქმედებისკენ მოუწოდა: "თქვენ მოგება გჭირდებათ და [ევროკავშირის] წევრმა სახელმწიფოებმა სასწრაფოდ უნდა გადადგან საჭირო ნაბიჯები და მიაწოდონ [უკრაინას] თავისუფლების დაცვისთვის საჭირო გრძელი რადიუსის სისტემები და თვითმფრინავები".

ერთი დღით ადრე, ჯოზეფ ბორელმა დაადასტურა, რომ ევროპის კავშირი უკრაინას კიდევ უფრო მეტ სამხედრო დახმარებას მიაწვდის. ბორელი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო საქმეების და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ის ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტსაც იკავებს.

უკრაინის პრეზიდენტის ევროპულ ტურნეში, რომელიც 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის და მსხვილმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავის წინ გაიმართა, პირველი გაჩერება ბრიტანეთი იყო. ოთხშაბათს, ლონდონში ვიზიტის დროს, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბრიტანელ ხალხს გაწეული დახმარებისთვის და მათაც გამარჯვებას დაჰპირდა.

"ჩვენ ვიცით, რომ თავისუფლება გაიმარჯვებს, ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი დამარცხდება... ჩვენ ვიცით, რომ გამარჯვება შეცვლის მსოფლიოს და ეს იქნება ცვლილება, რომელიც სამყაროს დიდი ხანია ესაჭიროება. გაერთიანებული სამეფო ჩვენ გვერდით მოაბიჯებს ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებისკენ" - განაცხადა ზელენსკიმ ბრიტანეთში ვიზიტის დროს.

უკრაინის პრეზიდენტი ბუკინგემის სასახლეში ბრიტანეთის მონარქს, მეფე ჩარლზსაც შეხვდა. ეს ზელენსკის რიგით მეორე მოგზაურობაა უცხოეთში. პირველი ვიზიტი მან დეკემბერში, შეერთებულ შტატებში გამართა, სადაც ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა და კონგრესში შეკრებილ კანონმდებელთა გაერთიანებულ სხდომას მიმართა.

ოთხშაბათს, ლონდონში ვიზიტის შემდეგ, ზელენსკი საფრანგეთში გაემგზავრა. პარიზში მან შეხვედრები გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან. მაკრონი ზელენსკის თან ახლდა ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზეც.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG