ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მჯერა, ბევრად მეტს შევძლებთ რუსეთის დესტრუქციული ძალისხმევის წინააღმდეგ“, - ზელენსკი


„მოუთმენლად ველი თანამშრომლობის დაწყებას“, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდომირ ზელენსკი, დიდ ბრიტანეთში ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნას. ზელენსკი ამბობს, რომ უნდა გაგრძელდეს აქტიური მუშაობა რუსეთის „დესტრუქციული ნაბიჯების“ წინააღმდეგ.

„მე მჯერა, რომ ერთად ჩვენ შევძლებთ ბევრად მეტის გაკეთებას ჩვენი ერების დასაცავად და რუსეთის ყოველი დესტრუქციული ძალისხმევის წარუმატებლობისთვის", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვის დროს.

ლიზ ტრასმა, რომელიც ამ დრომდე ბრიტანეთის პირველი დიპლომატი იყო 5 სექტემბერს ბორის ჯონსონი ჩაანაცვლა - პრემიერ-მინისტრი, რომელიც უკრაინის მიმართ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ განსაკუთრებული მხარდაჭერით გამოირჩეოდა. ჯონსონი იყო პირველი ლიდერი, რომელიც კიევში ომის დროს ჩავიდა. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინაში ლიზ ტრასს კარგად იცნობენ და იმედს გამოთქვამს, რომ ის ჯონსონის გზას გააგრძელებს და უკრაინის მხარდაჭერას გააძლიერებს.

„ჩვენ მას კარგად ვიცნობთ ... მთავარია ჩვენი ერთიანობის შენარჩუნება", - თქვა ზელენსკიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ დიდი ბრიტანეთი უკრაინას ყველაზე მეტ სამხედრო დახმარებას უწევს. იქნება ეს ტექნიკის გაგზავნა თუ უკრაინელი სამხედროების წვრთნა და გადამზადება.

ლიზ ტრასი ჯონსონის კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა და დიპლომატიური გზებით ცდილობდა უკრაინის მხარდაჭერას. გამოირჩეოდა მკაფიო და მკვეთრი განცხადებებით. ლიზ ტრასი ტერეზა მეისა და მარგარეტ ტეჩერის შემდეგ მესამე ქალი იქნება, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, კრემლში ამბობენ, რომ პოზიტიური მოლოდინები არ აქვთ. ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობის დასახელების შემდეგ განცხადება ჟურნალისტებისთვის დმიტრი პესკოვმა გააკეთა: "არ მგონია, რომ რაიმე პოზიტიური მოლოდინი გვქონდეს", - თქვა პესკოვმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG