ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში აშშ-ის ელჩმა მისია დაასრულა და მოსკოვი დატოვა


ამერიკის ელჩი ჯონ სალივანი მოსკოვში, მიხეილ გორბაჩოვის დაკრძალვაზე
ამერიკის ელჩი ჯონ სალივანი მოსკოვში, მიხეილ გორბაჩოვის დაკრძალვაზე

ჯონ სალივანმა, აშშ-ის ელჩმა რუსეთში, მოსკოვი ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ, რუსეთში შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

„აშშ-ის ელჩმა რუსეთის ფედერაციაში, ჯონ სალივანმა დაასრულა მისი მისია, როგორც ელჩმა და დღეს მოსკოვი დატოვა“ - ნათქვამია 4 სექტემბერს, საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. სალივანი პოსტზე შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დანიშნა და მან ამ თანამდებობაზე თითქმის სამი წლის განმავლობაში იმუშავა.

„ელჩ სალივანის გამომგზავრება დაგეგმილია და ნორმალური დიპლომატიური როტაციის ნაწილია. ის სრულყოფილად მუშაობდა რუსეთში აშშ-ის ელჩად და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ ორმხრივ ურთიერთობას, უპრეცედენტო დროს მართავდა“ - სააგენტო "როიტერი" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის განცხადებას ავტორის იდენტიფიკაციის გარეშე ავრცელებს.

საელჩოს ინფორმაციით, პოსტის დატოვების შემდეგ, სალივანი საჯარო სამსახურში მუშაობას აღარ გააგრძელებს. მანამდე, ოთხი ათწლეულის განმავლობაში, მან შეერთებული შტატების ხუთ პრეზიდენტთან იმუშავა, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტზე. ასევე, იუსტიციის, თავდაცვისა და კომერციის დეპარტამენტების მაღალ თანამდებობებზე.

რუსეთში შეერთებული შტატების ახალი ელჩის დანიშვნამდე, მის მოვალეობას ელიზაბეტ რუდი შეასრულებს. ის ივნისიდან მოყოლებული, მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ აშშ „განაგრძობს უკრაინის წინააღმდეგ კრემლის აგრესიული ომის ცალსახად დაგმობას და ურყევად რჩება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მხარდამჭერი.“

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, შეერთებული შტატები რუსეთში მომდევნო ელჩს „მალე“ დაასახელებს, თუმცა თავს იკავებს მისი ვინაობის გამხელისგან.

XS
SM
MD
LG