ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„დიდებულია“- ზელენსკი ბახმუტში უკრაინელ სამხედროებს მადლობას უხდის


უკრაინამ ბახმუტის მიმართულებით წინ წაიწია და პოზიციებიდან რუსები განდევნა, მიმდინარე ოპერაციას ბახმუტში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკი გამოეხმაურა და უკრაინელ სამხედროებს მადლობა გადაუხადა.

„მადლობელი ვართ თითოეული ჩვენი ჯარისკაცის, ყველა ჩვენი დამცველის, კაცისა და ქალის ვინც დღეს მოგვაწოდა სიახლეები, რომელსაც ასე ველოდით. დიდებულია!,“- ამბობს ზელენსკი ვიდეო მიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტს მიმდინარე შეტევის შესახებ დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ მანამდე თქვა, რომ უკრაინული შენაერთები ბახმუტისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

იმას, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტში დამატებითი პოზიციების მოპოვება მოახერხეს, ადასტურებს კრემლთან დაახლოებული ევგენი პრიგოჟინი, მისი თქმით რუსები „სამარცხვინოდ“ გარბიან. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ უკრაინელთა იერიში მოგერიებულია.

პრიგოჟინი და „ვაგნერის ჯგუფი“ დაქირავებული მებრძოლებით ივნისში აცხადებდნენ, რომ მათ ბახმუტის ოკუპაცია სრულად მოახერხეს, თუმცა კიევი ამ ინფორმაციას არ ადასტურებდა. მოგვიანებით პრიგოჟინმა თქვა, რომ ბახმუტიდან მისი დაქირავებული მებრძოლები გაჰყავდა და პოზიციებს რუსეთის რეგულარული არმია დაიცავდა. ახლა პრიგოჟინი ამბობს, რომ რუსეთის ჯარმა ეს ვერ მოახერხა.

ბახმუტისთვის ბრძოლა თვეებია მიმდინარეობს, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსებმა იქ დიდი დანაკარგი განიცადეს. რუსი სამხედრო ბლოგერები ამბობენ, რომ ბახმუტში რუსული ჯარისთვის მძიმე ვითარებაა.

არის თუ არა ბახმუტის იერიში უკრაინელთა ახალი დიდი კონტრშეტევის ნაწილი, ამის შესახებ კიევი არ საუბრობს. უკრაინელი ოფიციალური პირები კონტრშეტევის დეტალებზე არ საუბრობენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG