ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერლინი: კახოვკის ჰესზე კაშხლის დანგრევა პუტინის აგრესიის ხასიათში ზის


ოლაფ შოლცი, გერმანიის კანცლერი
ოლაფ შოლცი, გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ უკრაინის ქალაქ ნოვა-კახოვკაში მდებარე ჰიდროელექტროსადგურზე კაშხლის დანგრევა რუსეთის აგრესიის ახალი განზომილებაა. მაგრამ, ამავე დროს, ეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხრიდან უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეში ამოღების ხასიათში ზის - აღნიშნავს ოლაფ შოლცი.

"ვითარებიდან გამომდინარე, მას ახალი განზომილება აქვს, მაგრამ ამავე დროს, თავსდება იმ მეთოდებში, რომლითაც პუტინი ამ ომს წარმართავს" - განაცხადა შოლცმა სამშაბათს, 6 ივნისს გერმანულ მაუწყებელთან WDR საუბარში. მისი თქმით, ეს ყოველივე გერმანიის უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელებას კიდევ უფრო საჭიროს ხდის.

შოლცმა ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზეც ისაუბრა, რომელიც ასევე სამხრეთ უკრაინაში მდებარეობს და რომელსაც კახოვკის ჰესი გაგრილებისთვის საჭირო წყლით უზრუნველყოფს. გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ ბერლინი ყურადღებით აკვირდება ადგილზე შექმნილ ვითარებას: "ზაპორიჟიის შესახებ შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ გამუდმებით ვაწარმოებთ სიტუაციის მონიტორინგს".

უკრაინის და რუსეთის ძალები ჰიდროელექტროსადგურის დანგრევას ერთმანეთს აბრალებენ. ინციდენტმა რეგიონში მილიონობით ლიტრი წყლის გადინება გამოიწვია და რისკი შეუქმნა ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურს, რომელიც უდიდესია ევროპის კონტინენტზე. დანგრევის შემდეგ წყლის დონის სწრაფად აწევის გამო, უკრაინის მიმდებარე სოფლებში ევაკუაცია გამოცხადდა.

გაეროს ატომური ენერგიის სააგენტო აცხადებს, რომ სიტუაციას თვალს ადევნებს და ამ ეტაპზე ზაპორიჟიის სადგურთან დაკავშირებით, ბირთვული უსაფრთხოების მიმართულებით შექმნილ უშუალო რისკებს ვერ ხედავს. განცხადება სააგენტომ სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" გაავრცელა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG