ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი სამხედროები ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურთან პოზიციებს ამაგრებენ


საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ცნობით, რომელიც ოთხი თვითმხილველის ცნობას ემყარება, რუსი სამხედროები ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის გასწვრივ პოზიციებს ამყარებენ. ბირთვული ობიექტი უდიდესია ევროპის კონტინენტზე და მას უკრაინაზე რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ, მოსკოვი აკონტროლებს.

ეს იმ ფონზე ხდება, როცა უკრაინა მსხვილი კონტრშეტევისთვის და რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების გათავისუფლებისთვის ემზადება. "როიტერის" ინფორმაციით, ქალაქის გარშემო რუსეთი ახალ სანგრებს თხრის და ნაღმებს ათავსებს. რუსებს უკვე რამდენიმე თვეა, რაც ბირთვული სადგურის ზოგიერთ შენობაში საცეცხლე პოზიციები აქვთ მოწყობილი.

ორი უკრაინელის მიერ აღწერილი ვითარება, რომლებიც ელექტროსადგურში მუშაობენ და ასევე ქალაქ ენერჰოდარიდან ორი სხვა პირის მტკიცება, ხაზს უსვამს იმ რისკებს, რასაც ომი ბირთვული ობიექტის უსაფრთხოებას უქმნის. წყაროებმა სააგენტოსთან ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფ ქალაქში მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო.

ქარხნის რუსმა ოპერატორმა თქვა, რომ უკრაინის ნებისმიერი შესაძლო სამხედრო ქმედება საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას და რომ ქარხნის აღჭურვილობა სათანადოდ ინახება. უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტომ და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ არ უპასუხეს აღნიშნულ ცნობებზე "როიტერის" მიერ კომენტარის გაკეთების მოთხოვნას.

პეტრო კოტინმა, უკრაინის ბირთვული სააგენტოს „ენერგოატომის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ უკრაინა ამ მიმართულებით მიიტანს თავდასხმას. ის ფიქრობს, რომ კიევი რუსებს უკანდახევას ლოგისტიკური ჯაჭვის გაწყვეტის გზით აიძულებს.

კოტინის შეფასებით, ბოლო თვეების განმავლობაში ქარხანაში რუსი ჯარისკაცების რაოდენობა 500-დან 1 500-მდე გაიზარდა.

მაგრამ, საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებულია, რადგან ექვსი რეაქტორისგან შემდგარი ეს გრანდიოზული ატომური ელექტროსადგური შესაძლოა სამხედრო დაპირისპირების შუაგულში მოექცეს. სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, უკრაინა რუსული ძალების უკანდახევას სწორედ ზაპორიჟიის რეგიონში შეეცდება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბირთვული სააგენტო ამბობს, რომ სადგურთან სამხედრო ნაწილის განთავსება და აქტივობის ზრდა, ხაზს უსვამს სასწრაფო მოქმედების აუცილებლობას. გაერო თვეების განმავლობაში საუბრობდა ქარხანაში დიდი ავარიის საშიშროების შესახებ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG