შემზღუდველ სავაჭრო ზომებს, გლობალურ ეკონომიკაზე მავნე გავლენის მოხდენა შეუძლია - აცხადებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია. ის ქვეყნებს სავაჭრო დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდებს.
ორგანიზაცია უარს აცხადებს ჩაერიოს იმაში, რაც შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს, მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის სავაჭრო ომის დასაწყისს ჰგავს. ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე, 34 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე 25-პროცენტიანი ტარიფის დაწესების შესახებ, ჩინეთის რეაქცია მსგავსი საპასუხო ნაბიჯის გადადგმა იყო.
ჟენევაში დაფუძნებული მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია კონკრეტულ ქმედებებზე კომენტარს არ გააკეთებს, მაგრამ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა რობერტო აზევადომ „ტვიტერის“ შეტყობინებების მთელი წყება გამოაქვეყნა, რომლითაც ქვეყნებს აფრთხილებს, პროტექციონისტულ იმპულსებს არ აყვნენ.
აზევადო ამბობს, რომ დიდი ოცეულის ქვეყნების მიერ დაწესებული, სავაჭრო ზომებზე დაკვირვების ახალი ანგარიში, წამყვანი ეკონომიკების მიერ სავაჭრო შეზღუდვების შემაშფოთებელ ზრდას აჩვენებს. „ტვიტერის“ შეტყობინებაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის უფროსი ამბობს, რომ ვითარების ბოლოდროინდელი განვითარება, მომავალში მეტი შემზღუდველი ზომების შემოღებაზე მიანიშნებს. მისი პრეს-მდივანი, დენ პრუზინი ამბობს, რომ ავეზადო შიშობს, სავაჭრო ურთიერთობების გაუარესება შესაძლოა იმაზე უფრო დრამატული აღმოჩნდეს, ვიდრე ამას მოელოდნენ და სავარაუდოა, რომ ამას ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება.
„ამ ზომებით გამოწვეული რღვევა უკვე იგრძნობა. კომპანიები ინვესტირებისგან თავს იკავებენ, ბაზრები მერყევი ხდება, ფასები იზრდება. შემდგომ ესკალაციასთან ერთად, შედეგების გავლენაც უფრო გაიზრდება. ამ პროცესებში ჩართულ ქვეყნებში, ეს ყოველივე სამუშაო ადგილებს და ეკონომიკის ზრდას ზიანს მიაყენებს და ეკონომიკიური შოკის ტალღებს მთელს მსოფლიოში გაავრცელებს.“
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა მუქარა, რომ შესაძლოა შეერთებულმა შტატებმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია დატოვოს, თუკი ეს ორგანიზაცია ქვეყანას სამართლიანად არ მოეპყრობა. პრუზინმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ ამ ინფორმაციას იცნობს. მან თქვა: „უბრალოდ ვიტყვი, რომ შეერთებული შტატების არცერთ ოფიციალურ პირს აქ, ჟენევაში შეხვედრების დროს, არანაირად არ მიუნიშნებია, რომ შეერთებული შტატები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გასვლაზე ფიქრობს.“
ორგანიზაციის უფროსი ყველა მხარეს დაჟინებით მოუწოდებს დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და მზარდი სავაჭრო დაძაბულობის გამომწვევი საკითხების მოგვარების გზებზე იმსჯელონ.
Facebook Forum