ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკში 11 სექტემბრის მემორიალი მომავალ წელს გაიხსნება


იმ ადგილას სადაც ნიუ იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორი ცათამბჯენი იდგა 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი და მუზეუმი აშენდება

11 სექტემბერიდან ცხრა წლის შემდეგ იმ ადგილას სადაც ნიუ იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორი ცათამბჯენი იდგა და რომელიც მუხანათური ტერორისტული თავდასხმის ეპიცენტრი გახდა, არცერთი ახალი ნაგებობა არ აშენებულა. მაგრამ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ნიუ იორკის მუნიციპალურ ხელისუფლებასა და სამშენებლო კომპანიებს შორის არსებული დავა თითქოსდა შემსუბუქდა და დაგეგმილი ხუთი ცათამბჯენის სამომავლო მობინადრეების სია თანდათან ივსება. ამას გარდა, 11 სექტემბრის მემორიალისა და მუზეუმის მშნებელობაში აშკარა პროგრესი შეინიშნება.

აგვისტოს მიწურულს სამშენებლო ბრიგადებმა 400 თეთრი მუხის ხის დანერგვა დაიწყეს იმ მოედანზე, რომელიც ტერორისტული კატასტროფის ეპიცენტრს იკავებს და სადაც 2001 წლის 11 სექტემბერს 2,800 ადამიანი დაიღუპა.

ნიუ იორკში, პენსილვანიასა და ვაშინგტონის მახლობლად იმ ბედკრულ დღეს დაღუპულთა მოსახსენიებლად მანჰეტენზე მემორიალი აიგება.

ჯო დანიელსი 11 სექტემბრის ეროვნული მუზეუმისა და მემორიალის პრეზიდენტია. მისი თქმით:

„ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ჩვენ ნიუ იორკის პორტის ადმინისტრაციასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ რადგან ეს ძალზედ რთული სამშენებლო პროექტი დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ის, რომ ბევრს ამ მემორიალის აშენება ძალიან სურს. რეალობა ის გახლავთ, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ძალზედ მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. ამ პროექტს ჩვენ მთელი ჩვენი ძალისხმევა და მონდომება შევალიეთ.“

დროის განმავლობაში ახლადდარგული ხეები გაიზრდება, მემორიალის სტუმრებს დაჩრდილავს, ქვემოთ კი 11 სექტემბერს დაღუპულთა სახელები იქნება ამოკვეთილი. ხოლო ახლომდებარე ღრმა აუზები ორი ჩანჩქერიდან შეივსება.

11 სექტემბერის მემორიალი მომავალ წელს გაიხსნება, ხოლო მუზეუმი 2013 წელს.

ნიუ იორკის მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მემორიალი ისევე როგორც მუზეუმი ტურისტებს მოიზიდავს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ადგილას დაგეგმილი ხუთი ახალი კომერციული ცათამბჯენის ბინადრობას მსხვილი კომპანიები ლამობენ. სამშენებლო გეგმების თანახმად, ნომერ პირველი ახალი ცათამბჯენი შეერთებულ შტატებში ყველაზე მაღალი შენობა იქნება.

ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა დევიდ პატერსონმა ამასთან დაკავშირებით დასძინა:

„როცა სამშენებლო სამუშაოები დასრულდება, ეს შენობა ქვედა მანჰეტენის მარგალიტი იქნება. ეს იქნება საერთაშორისო ფინანსური ცენტრი, რომელიც ტურისტებს მოიზიდავს იმით, რომ ბრწყინვალე მაგალითი იქნება იმისა თუ რა უბედურების გადატანა შეუძლია ადამიანს.“

ახალი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის პირველი ცათამბჯენის 35 სართული უკვე აშენებულია და ყოველ კვირას ნაგებობას ერთი სართული ემატება. ცნობილია, რომ ცათამბჯენის ახალ ბინადართა სიაში ჩინური კომპანია „ვანტოუნ ინდასრიალ“ და გამომცემლობა „კონდე ნასტი“ შედიან. შესაძლოა, რომ ცათამბჯენში შესახლდეს კორპორაცია „ბენკ ოფ ამერიკაც.“აღსანიშნავია ისიც, რომ ცათამბჯენს უახლესი ეკოლოგიურად მდგრადი დიზანის პრინციპებზე დაყრდნობით აშენებენ.

XS
SM
MD
LG