ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ველური სამყაროს 60% მოისპო - ახალი ანგარიში


ორანგუტანგი თეოდორა მშობიარობის შემდეგ პარიზის ზოოპარკში
ორანგუტანგი თეოდორა მშობიარობის შემდეგ პარიზის ზოოპარკში

დედამიწაზე ფაუნის განადგურება ძალიან სწრაფი ტემპით და მზარდი მასშტაბით მიმდინარეობს. ახალი ანგარიშის თანახმად, ბოლო 40 წლის მანძილზე პლანეტაზე ველური სამყაროს 60 პროცენტი უკვე მოისპო.

ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ "ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი" (WWF) 2018 წლის ანგარიში გამოსცა, რომელიც დედამიწის ბინადარ ფაუნის ველურ წარმომადგენელთა პოპულაციებს აღწერს. ანგარიში 1970 წლიდან 2014 წლამდე შექმნილ ვითარებას სწავლობდა.

მეცნიერები გარეული ცხოველების მასობრივ განადგურებას ტყეთა მასივების შემცირებით, გარემოს დაბინძურების ტემპების ზრდით და კლიმატური ცვლილებებით ხსნიან. მაგალითებს შორის სახელდება სპილოების პოპულაციის შემცირება ტანზანიაში 60 პროცენტით და 100 000-ზე მეტი ორანგუტანგის დაღუპვა ბორნეოში, რაც ტყეების გაკაფვის გამო მოხდა.

ანგარიშში ასევე საუბარია დედამიწის წყლებში მარჯნის რიფების განახევრებაზე ბოლო 30 წლის მანძილზე. ამ მოვლენას მეცნიერები კლიმატური ცვლილებებით ხსნიან, რაც ადამიანის საქმიანობას უკავშირდება. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ოკეანის წყლის ტემპერატურის ზრდის გამო, პოლარული დათვების რაოდენობა 2050 წლამდე 30%-ით შემცირდება.

"ეს წარმოუდგენელია" - აცხადებს ორგანიზაციის "ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი" (WWF) გენერალური დირექტორი მარკო ლამბერტინი. მისი თქმით, კრიზისი თავისი " სიჩქარით და მასშტაბით, უპრეცედენტოა".

ორგანიზაცია მსოფლიოს ლიდერებს საერთაშორისო ხელშეკრულების დადებისკენ მოუწოდებს, რომელიც ველურ სამყაროს დაიცავს. მარკო ლამბერტინის თქმით, ხელშეკრულება სასწრაფოდ, ორი წლის ვადაში უნდა ამოქმედდეს, რომ პლანეტის ბინადრების გადარჩენა მოესწროს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG