ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკრონმა პუტინს უთხრა, რომ ომის თავიდან აცილება სურს


UKRAINE-CRISIS/MACRON-PUTIN

რამდენიმე საათია, რაც საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან. შეხვედრა მედიისთვის დახურულია. პრეზიდენტები განცხადებას ჟურნალისტებისთვის, სავარაუდოდ, შეხვედრის შემდეგ გააკეთებენ.

ორ პრეზიდენტს შორის შეხვედრის დაწყების წინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს უთხრა, რომ მისი სურვილია ევროპაში ომი თავიდან იქნეს აცილებული და ნდობა ჩამოყალიბდეს.

მაკრონი, რომელიც აპრილში მეორე ვადისთვის იყრის კენჭს, ცდილობს განმუხტოს რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული ვითარება. პარიზს კრიზისის დიპლომატიურად გადაწყვეტა სურს, მაშინ როცა დასავლეთში მზარდია მოლოდინები, რომ რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს დაიწებს.

შეხვედრის დაწყებისას მაკრონმა პუტინს უთხრა, რომ ის ეძებს „სასარგებლო პასუხს“, იმისთვის, რომ „თავიდან იქნეს აცილებული ომი და დაიდოს პირველი აგური ნდობისა და სტაბილურობის ჩამოყალიბებაში“.

ემანუელ მაკრონის ამ მიმართავზე რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთსა და საფრანგეთს ერთნაირად აშფოთებთ ევროპის უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

„მე ვხედავ, რამხელა ძალისხმევას მიმართავს საფრანგეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა და პირადად პრეზიდენტი, რათა გადაჭრას კრიზისი, რომელიც დაკავშირებულია ევროპაში თანაბარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, თქვა ვლადიმირ პუტინმა.

პარიზსა და მოსკოვში არ აქვთ მოლოდინი, რომ შეხვედრა პრეზიდენტებს შორის კონკრეტული გადაწყვეტილებით დასრულდება. კრემლში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, რომ „სიტუაცია ძალიან რთულია, იმისთვის რომ ერთი შეხვედრით გადაწყვეტილებები იქნას მიღებული“. მოსკოვში ჩასვლამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ „საკმაოდ ოპტიმისტურია, მაგრამ არ სჯერა სპონტანური სასწაულების“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG