ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის და გერმანიის ლიდერები უკრაინის კრიზისზე იმსჯელებენ


ორშაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს მასპინძლობს. განსახილველი საკითხების მთავარი თემა, სავარაუდოდ უკრაინაში რუსული შეჭრის შეკავების ძალისხმევა იქნება.

ნატოს ორმა წევრმა , ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ჯარების პოზიციების გაძლიერებისადმი მხარდაჭერა გამოხატა. შეერთებული შტატები პოლონეთში და რუმინეთში დამატებით ძალებს გზავნის, შოლცმა კი კვირას თქვა, რომ ლიეტუვაში, გერმანიის მეთაურობით მოქმედი საბრძოლო დაჯგუფების გაძლიერებაზე ფიქრობს.

შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარებასაც აწვდიდა, მათ შორის ტყვია-წამალს და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს. ზოგიერთი ნატოელი მოკავშირის იმედგაცრუება გამოიწვია გერმანიის უარმა, უკრაინისთვის საბრძოლო იარაღი მიეწოდებინა. გერმანიის მთავრობამ ამის მიზეზად დაასახელა წესი, რომლითაც კონფლიქტის ზონებში ასეთი იარაღის გაგზავნას კრძალავს.

უთანხმოების კიდევ ერთი პოტენციური საკითხი, გერმანიის რუსულ ენერგო-მატარებლებზე დამოკიდებულება და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მილსადენის პროექტია, რომელიც რუსული ბუნებრივი გაზის გერმანიაში გადასატუმბადაა დაგეგმილი.

შეერთებული შტატები, სხვებთან ერთად, მილსადენს განიხილავს, როგორც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემაკავებელ ბერკეტს და ამბობს, რომ შეჭრა შესაძლოა პროექტის დასასრულს ნიშნავდეს.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გარდა, შაესაძლოა ბაიდენმა და შოლცმა რამდენიმე სხვა საკითხზეც, მათ შორის კლიმატის ცვლილებაზე და „კოვიდ-19“ პანდემიაზე იმსჯელონ.

XS
SM
MD
LG