ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა შეიარაღებულ ძალებს ზრდის


უკრაინის შეიარაღებული ძალები, ხარკოვის რეგიონი, 31 იანვარი, 2022.
უკრაინის შეიარაღებული ძალები, ხარკოვის რეგიონი, 31 იანვარი, 2022.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების გაძლიერების თაობაზე სპეციალურ განკარგულებას მოაწერა ხელი. ამ გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 3 წლის განმავლობაში 100 000-ით უნდა გაიზარდოს და მათ ანაზღაურებაც უნდა მოემატოთ.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთს 100 000-მდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული. უკრაინა და დასავლეთის ლიდერები შიშობენ, რომ შესაძლოა მოსკოვი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრას, თუმცა რუსეთი უარყოფს, რომ მსგავსი გეგმები აქვს. მეორე მხრივ კი დასავლეთს "უსაფრთხოების გარანტიებს" სთხოვს და ნატოს ადანაშაულებს პროვოკაციულ ქმედებებში. დასავლეთი რუსეთს მკაცრი სანქციებით ემუქრება, თუკი ის უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანონმდებლებს მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ჯარის გაზრდის გადაწყვეტილება მან იმის გამო კი არ მიიღო, რომ მალე ომი იქნება, არამედ იმის გამო, რომ მომავალში უკრაინაში მშვიდობა იყოს.

უკრაინის შეიარაღებული ძალები ამჟამად 250 000-მდე ჯარისკაცს აერთიანებს. რუსეთს 900 000-მდე სამხედრო მოსამსახურე ჰყავს. უკრაინა აცხადებს, რომ "რუსული აგრესიის კონტექსტში" ის პოლონეთთან და ბრიტანეთთან თანამშრომლობას აძლიერებს.

კიევში ვიზიტისას პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ ვარშავა უკრაინას გაზით და შეიარაღებით დაეხმარება, ისევე როგორც ჰუმანიტარული და ეკონომიკური კუთხით.

"რუსეთის მსგავსი მეზობლის გვერდით ცხოვრებისას, ჩვენ გვაქვს შეგრძნება, რომ ერთი ფეხი ვულკანთან გვიდგას", - თქვა მორავიეცკიმ.

ბრიტანეთის პრემიერი ბორის კონსონი უკრაინის პრეზიდენტს სამშაბათს ხვდება და მას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებს. "ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს უკან დაიხიოს და სისხლისღვრის ასაცილებლად და დიპლომატიური გამოსავლის საპოვნელად დიალოგის პროცესში ჩაერთოს", - თქვა ჯონსონმა უკრაინაში გამგზავრებამდე.

დასავლეთმა უარყო რუსეთის მოთხოვნები იმის თაობაზე, რომ უკრაინა ნატოს წევრი არასდროს გახდეს და ნატომ თავისი ძალები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გაიყვანოს. თუმცა გამოხატა მზაობა იარაღის კონტროლისა და წვრთნების თაობაზე გამჭვრივალობის შესახებ დიალოგისთვის. რუსეთი ადასტურებს, რომ დასავლეთი მათ უმთავრეს არგუმენტებს არ იზიარებს და მათ შესახებ ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს, თუმცა პასუხის გაცემას არ ჩქარობს. კრემლის თქმით, ვლადიმირ პუტინი დასავლეთის წერილებს მაშინ უპასუხებს, როცა ამას საჭიროდ მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG