ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა - მარტო, თუ საქართველოსთან ერთად?


31 იანვარს, პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის მხარდამჭერი ახალი რეზოლუცია დააინიცირა. გასული კვირის ფიასკოს შემდეგ, როცა მსგავსი რეზოლუციის მიღება პარლამენტმა ვერ შეძლო, ეს მეორე ცდაა. „ოცნება“ არც ამჯერად ცვლის რამეს. რეზოლუციას კრიტიკა მოჰყვა, რადგან მასში უკრაინის გარშემო შექმნილ კრიზისზე საუბრისას, რუსეთი ნახსენები არ არის.

„ყველა ფრაზა იმდენად სწორად არის ჩაწერილი, აწონილი და გაზომილი, რომ ვერც ერთ დროში ვერავინ, ვერც მტერი და ვერც მოყვარე, ამ ტექსტთან დაკავშირებით, ვერ მოგვედავება. ყველასთან ვიქნებით მართლები. არავინ აპირებს ამ პრივიტიმიზმზე წამოგებას, რომ „ერთი სიტყვის გეშინიათ, ჩაწერის გეშინიათ“, აქ ასე საკითხი ვინც დააყენა, იმას ხალხზე და საზოგადოებაზე ძალიან ცუდი და მდაბიო წარმოდგენა აქვს,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ, "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა 31 იანვრის ბიუროს სხდომაზე.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ არ სურთ ახალი, სხვა რეზოლუციის ინიცირება და ამჯობინებენ, წარმოდგენილი ტექსტი იქცეს ერთობილივ რეზოლუციად. ოპოზიციის აზრით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „ქართული ოცნება“ რეზოლუციის საბოლოო ტექსტში, კენჭისყრის დროს, რუსეთის ხსენებას არ შეეწინააღმდეგება.

სწორედ უკრაინის კრიზისი იყო, განხილვის საგანი „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში, სადაც ქართველი, მოლდოველი, რუსი და უკრაინელი ანალიტიკოსები და პოლიტოლოგები მონაწილეობდნენ.

"ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რა ხდება უკრაინის ირგვლივ და რა დგას რუსეთის ჩანაფიქრის მიღმა, ახორციელებს რა, უპრეცენდენტო ზეწოლას უკრაინაზე,“- განაცხადა ვოლოდიმირ დუბოვიკმა, პროფესორმა მეჩნიკოვის ოდესის ეროვნული უნივერსიტეტიდან.

დუბოვიკმა განმარტა, რომ ორი გზაა იმის ასახსნელად, თუ რა ხდება უკრაინაში. რუსული ხედვის მიხედვით, დასავლეთი ფედერაციის ალყაში მოქცევასა და დამარცხებულად წარმოჩენას ცდილობს; მათეულ უსაფრთხოების შეხედულებებს აიგნორებს, უბიძგებს ნატოსკენ ისეთ ქვეყნებს, როგორიც უკრაინაა.

„ზოგიერთი ამბობს, რომ ესკალაცია უკრაინის საქმეა და არ ეხება დასავლეთს. ზოგი ამბობს, რომ ეს ეხება მხოლოდ დასავლეთს და არა უკრაინას. ეს ორივე მცდარი მოსაზრებაა. ჩვენ ეს ორივე ხედვა უნდა გავაერთიანოთ და ერთობლივად დავინახოთ, რომ უკრაინის პრობლემა ეხება უკრაინასაც და დასავლეთსაც,“- ამბობს დუბოვიკი.

ის აშშ-ს პრეზიდენტის ფაქტორის თაობაზეც ამახვილებს ყურადღებას უკრაინა-რუსეთის ურთიერთობების კონტექსტში.

„ბევრი ფიქრობს, რომ აშშ, ბაიდენის პირობები, კარგ შესაძლებლობებს ქმნის აშშ-სა და უკრაინისთვის, მაგრამ ამავდროულად, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რუსები ბაიდენის ფაქტორს ხელსაყრელ მომენტად მიიჩნევენ იმისთვის, რომ მეტი ზეწოლა განახორციელონ და მეტი მიიღონ დასავლეთისგან, მოლაპარაკებების გზით იქნება ეს თუ სხვა,“- მიიჩნევს დუბოვიკი.

სტანისლავ სექრიერუ, უსაფრთხოების კვლევების ევროპის საბჭოს ინსტიტუტის წარმომადგენელი აცხადებს, „რუსეთს მდგრადი და მყარი სტრატეგია აქვს, აქციოს უკრაინა კლანურ სახელმწიფოდ. ეს არაა ახალი მიზანი. მეორე წახნაგი ისაა, რომ ეს კრიზისი შეხებაშია რეგიონთან - რუსეთი კარგად ცდილობს გამოიყენოს შექმნილი კრიზისები, რათა გაამყაროს საკუთარი სამხედრო წარმომადგენლობა ბელარუსში,“- ამბობს სექსიერუ და დასძენს, რომ რუსები იქ სამუდამოდ დარჩებიან.

„ეჭვი მეპარება იმაში, რომ ეს რუსი სამხედროები, ვინც მძიმე იარაღით წვრთნებს მართავენ ახლა ბელარუსში, გაბრუნდებიან უკან, რუსეთში. რუსეთი ცდილობს, გადაწეროს ევროპაში ამ დრომდე არსებული და მოქმედი უსაფრთხოების ნორმები და შეცვალოს ევროპული უსაფრთხოების დიზაინი,“- ამგვარია სექსიერუს ხედვა უკრაინის კრიზისის შესახებ.

პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ საქართველოს უკრაინის მიმართ არსებული დამოკიდებულების შეფასებისას, ერთმანეთისგან გამოყო ხელისუფლება და საზოგადოება. მისი თქმით, ის რეაქცია და გამოხმაურებები, რასაც ოფიციალური თბილისი აფიქსირებს უკრაინასთან მიმართებით, არაა თანხვედრაში დამოკიდებულებებთან უკრაინასა და უკრაინელი ხალხის მიმართ, რაც აქვს საქართველოს საზოგადოებას.

„ხელისუფლების რეაქცია არ არის ადექვატური იმისა, რაც რეალურად ხდება. საზოგადოების მოსაზრებებს, დამოკიდებულებებს არ ემთხვევა ხელისუფლების რეაქცია უკრაინასთან მიმართებით. საზოგადოება მხარს უჭერს, აქციებს მართავს უკრაინის მხარდასაჭერად. ამ დროს კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ საქართველოსგან მოელის დაბალანსებულ პოლიტიკას. თუ რუსეთი მიაღწევს თავის გეოპოლიტიკურ მიზანს უკრაინაში, შემდეგი იქნება საქართველო. ჩვენი დიპლომატია ახლა გაჩუმებულია, დადუმებული. იყო მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ან პრემიერი ეწვეოდნენ უკრაინას და სოლიდარობას დააფიქსირებდნენ. არ გაღიზიანების პოლიტიკით, საქართველო აძლევს ვეტოს უფლებას რუსეთს. და ზუსტად ეს სურს კიდეც რუსეთს. არსებობს უამრავი კითხვა ხელისუფლების მიმართ,“- ამბობს კორნელი კაკაჩია.

რუსი პროფესორი ანდრეი მაკარიჩევი, ვინც ახლა ტარტუს უნივერსიტეტში მუშაობს, საინტერესო მოსაზრებებს გვთავაზობს იმისთვის, თუ როგორ შეიძლება აიხსნას ოფიციალური მოსკოვის ქცევა.

„მოდი, თეორიულად განვიხილოთ, როგორ შეიძლება აიხსნას ეს ესკალაცია, ზღვარს გადასული ფოკუსირება, ძალის კონცენტრაცია უკრაინაში. ესაა, როდესაც გყავს გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ერთმანეთთან ძალიან დაახლოვებული, ვიწრო წრე, რომელიც მოწყვეტილია რეალობას. შეიძლება, ეს წრე ჩაფლული იყოს არასწორ აღქმებსა და თავისსავე შექმნილ მითოლოგიაში. მე მგონია, სწორედ ეს ხდება ახლა კრემლში,“- აცხადებს მაკარიჩევი.

მისი მოსაზრებით, კრემლი ირეალური შეხედულებების ბადეშია გაბმული და მას ეს ერთგვარ მახეშიც კი აქცევს, რადგან რუსეთის სახელისუფლებო ლიდერშიფში აღარ არსებობს საღი თვალთახედვა.

„რუსეთი აცნობიერებს, რომ ყველაფერს ერთდროულად ვერ აკრძალავს, მაგრამ თუ ახლა გაიმარჯვებს და ნატოს გაფართოებას დაამუხრუჭებს, მომდევნო ნაბიჯი შეიძლება ისიც იყოს, რომ მათგან ევროკავშირის გაფართოებაზე პრეტენზიები მოვისმინოთ,“- აცხადებს კორნელი კაკაჩია. ის მიიჩნევს, რომ ევროკავშირი პროაქტიული უნდა იყოს და პროაქტიულად დაეხმაროს ქვეყნებს დასავლეთთან სტრუქტურულ ინტეგრაციაში.

საქართველოს პარლამენტარები საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ კარგი იქნებოდა ოფიციალური ვიზიტის დაორგანიზება კიევში, რითაც სახელისუფლებო გუნდი და ოპოზიცია ერთობლივად დააფიქსირებდნენ უკრაინის მხარდაჭერას. ეს ინიციატივა, ისევე როგორც უკრაინის მხარდამჭერი ერთიანი რეზოლუცია, სადაც საუბარი იქნება რუსეთზე, როგორც აგრესორზე, ჯერ კიდევ მსჯელობის საგანია.

XS
SM
MD
LG