ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოპაკაბანა ჩემპიონატის დღეებში


რიო დე ჟანეიროში ჩასული ფეხბურთის გულშემატკივრების დიდი ნაწილი თავისუფალ დროს კოპაკაბანას სახელგანთქმულ პრომენადეზე ატარებს

კოპაკაბანას სანაპიროზე ჩემპიონატის დღეებში დიდი ხალხმრავლობაა. ღრუბლიან ამინდშიც კი ამ სახელგანთქმულ პრომენადეზე ათასობით ფეხბურთის გულშემატკივარი გვიან ღამემდე რჩება.

უმრავლესობას იმ ქვეყნის ნაკრების მაისური აცვია, ვისაც გულშემატკივრობს. ალაგ-ალაგ სხვადასხვა გუნდის გამამხნევებელი შეძახილები ისმის. სანაპიროზე ქვიშაში ფეხბურთსაც თამაშობენ. მსოფლიო ჩემპიონატი ხომ წელს იმ ქვეყანაში ტარდება, სადაც გავრცელებული აზრით, ფეხბურთი ყველაზე მეტად უყვართ.

ვინსენტ ბრუჰაისი რიო დე ჟანეიროში ჰოლანდიიდან ჩამოვიდა.

„ახლახან ჩამოვედით. საოცარი გრძნობაა. პირველ თამაშს აქვე, სანაპიროს პატარა ბარში ვუყურეთ. რიოში ვართ და ჰოლანდია თამაშობს, აბა რა უნდა გვექნა? შემდეგ თამაშსაც სულმოუთქმელად ველით“ - ამბობს ჰოლანდიის ნაკრების ფორმაში გამოწყობილი ვინსენტი.

ამერიკელი რაფინ ტანერი ესპანეთის გულშემატკივარია. ის რიო დე ჟანეიროს კეთილგანწყობილ გარემოზე საუბრობს.

„ხალხი აქ ძალიან მეგობრულია. დილით ოთხ ავსტრალიელთან ვისაუზმე და სადილზე 9 არგენტინელთან ერთად ვიყავი. მართო ჩამოვედი და უამრავი ადამიანი გავიცანი და ამხანაგი შევიძინე, ყველა განსაკუთრებულად მეგობრულია“ - ამბობს ამერიკელი ტურისტი.

ბრაზილიაში ყველაზე მეტ უცხოელ ტურისტს არგენტინიდან ელოდებიან. საბაჟოს მონაცემებით ათეულობით ათასმა არგენტინელმა საზღვარი უკვე გადაკვეთა. მათ შორისაა ლიონელი, რომელსაც ეჭვი არ ეპარება, რომ არგენტინა მოიგებს: „მჯერა რომ აუცილებლად მოვიგებთ, თან მესიც გვყავს“.

თურქმა ახალგაზრდამ თვითმფრინავის რეისზე გადაწყვიტა, ვისი გულშემატკივარი ყოფილიყო.

„ბოსნიელების დიდი ჯგუფი გავიცანი თვითმფრინავში. მათთან ერთად დავრჩი აქ. ჩვენ ისტორიული მეგობრობაც გვაკავშირებს. ასე გავხდი ბოსნიის ნაკრების გულშემატკივარი“ - ამბობს სტამბოლელი ბიჭი.

ბევრისთვის რიოში ყოფნა მთელი ცხოვრების ოცნების ასრულებაა.

„ძალიან მიყვარს ფეხბურთი. ბავშვობის ერთი ოცნება მაინც ავისრულე და რეალობად ვაქციე. რაც თავი მახსოვს, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას ვოცნებობდი. დღეს უკვე ბრაზილიაში ვარ, ეს სასწაულია! ძალიან, ძალიან მიყვარს ფეხბურთი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ყველა ის ადამიანი მიყვარს, ვინც აქ, ამ სანაპიროზე დადის“ - ყვება თურქი ახალგაზრდა.

დღესასწაული კოპაკაბანას პრომენადეზე ჩემპიონატის ბოლო დღემდე, 13 ივლისამდე გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG