ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრაზილია ჩემპიონატის წინ


კოპაკაბანას სტადიონი

დაახლოებით 800 ათასი უცხოელი ტურისტი მილიონობით ბრაზილიელთან ერთად 12 ქალაქში გამართულ 64 მატჩს დაესწრება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:00 0:00
ბმული

ბრაზილია ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაახლოებით 800 ათასამდე უცხოელ სტუმარს ელოდება, რომელიც მილიონობით ბრაზილიელთან ერთად ქვეყნის 12 ქალაქში გამართულ 64 მატჩს დაესწრება. სოციალური პრობლემების და ქალაქ სან პაულოს გაფიცვის მიუხედავად, სადაც ჩემპიონატი იხსნება, ბრაზილიელები დიდ საფეხბურთო დღესასწაულს მოელიან.

მასპინძელ ქვეყანაში მშენებლებმა სარემონტო სამუშაოები უკვე დაასრულეს და გრანდიოზული საფეხბურთო ტურნირისთვის აუცილებელ, საგრძნობლად გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურაზე საბოლოო შტრიხებს ავლებენ. რიო დე ჟანეიროს სამხრეთით მდებარე კოპაკაბანას უბანში ჩვეულებრივი დღეა. ოჯახები ტურისტებთან ერთად სანაპიროზე სასეირნოდ არიან გამოსული და ცნობილ ზღვისპირა პრომენადეს მიუყვებიან.

პროფესიით მკერავი ტერეზა ქრისტინა ამბობს, რომ მოსახლეობაში სოციალური პირობების და დამნაშავეობის ზრდის გამო არსებული გაღიზიანების მიუხედავად, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებით აღფრთოვანება მატულობს.

„უხარიათ, მაგრამ ყველაფერი მაინც შედარებითია. ხალხში დიდი უკმაყოფილებაა იმის გამო, რომ გარკვეული სოციალური საჭიროებებისთვის თანხები ვერ გამოინახა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ფული აქვთ. რა თქმა უნდა ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს, მაგრამ სახსრები უნდა გადანაწილდეს და სხვამხრივაც უნდა დაიხარჯოს. მესმის, რომ ხალხს გართობაც უნდა“ - ამბობს ტერეზა.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გრანდიოზული ტურნირის წინ აღფრთოვანებული მოლოდინი მასპინძელ ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებმა დაჩრდილა. მოსახლეობა სოციალურ პრობლემებს და ქვეყანაში გამეფებულ კორუფციას აპროტესტებდა. ქალაქი სან პაულო, რომელშიც ჩემპიონატის გახსნა იგეგმებოდა, ტრანსპორტის მუშაკთა ხუთდღიანი გაფიცვის გამო სრულებით პარალიზებული იყო. გაფიცვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატის გახსნამდე მხოლოდ ორი დღით ადრე მიიღეს.

ჩემპიონატის სამზადისის პერიოდში ბრაზილიის მთავრობამ სტადიონების და ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად 11 მილიარდი დოლარი გამოყო და ქვეყნის მოსახლეობას ტურიზმის ზრდით დიდ მოგებას პირდება. ბევრი ბრაზილიელი და მათ შორის რიო დე ჟანეიროელი ალექსანდრე ოლივეირაც არის, ფიქრობენ, რომ გაუმართავ საჯარო მომსახურებას, ძალიან დაბალ ხელფასებს და ცხოვრების მაღალ ხარჯებს ჩემპიონატის ჩატარება შეღავათს ვერ მისცემს.

„ჩემი აზრით, ამ 30 დღეში მსოფლიო ჩემპიონატი არაფერ მნიშვნელოვან ეკონომიკურ შედეგს არ მოიტანს. ხალხის მენტალიტეტში უფრო მოხდება ცვლილება და ოქტომბერში, მომავალ არჩევნებზე გამოჩნდება იყო თუ არა სწორი ამხელა ხარჯების გაღება. რაღაცეები შეიცვლება ოქტომბერში და თუ რაიმეს მომტანია ეს 30 დღე და რაიმე სასიკეთო დათესეს, შემოდგომაზე მოიმკიან“ - ამბობს ალექსანდრე.

სიტუაციის შესახებ უცხოელი ტურისტებიც კარგად არიან ინფორმირებული. დანიელი ენ-კეტრინ ჰატელსი ქმართან - ლესისთან - ერთად ბრაზილიაში საქორწინო მოგზაურობაში არიან. ისინი ამბობენ, რომ ესმით იმ ხალხის, ვინც ცხოვრების მაღალი ხარჯებით ძალზე უკმაყოფილოა, მაგრამ ჩემპიონატს თავისი დადებითი მხარეც აქვს: „ვეთანხმები თითქოს, მაგრამ ეს ქვეყანაში უამრავ ტურისტსაც ჩამოიყვანს, ასე რომ ქვეყანა ფულსაც იშოვის. ბევრს ხარჯავ, მაგრამ სანაცვლოდ დიდი მოგებაც გაქვს“.

დემონსტრანტები აცხადებენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატს ცვლილებების დასანერგად ზეწოლის მიზნით იყენებენ. მათი ოპონენტები კი ამბობენ, რომ უცხოელი ტურისტების დასანახად უფრო კარგი თვისებების წინ წამოწევა, ბრაზილიური კულტურის და ადგილობრივი მოსახლეობის უკეთესი მხრიდან წარმოჩენა ჯობია. ბევრს პრობლემების დროებით დავიწყება და უბრალოდ გართობა ურჩევნია.
XS
SM
MD
LG