ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქვეყნებმა კოვიდ-19-ის ადრეული შემთხვევები უნდა გამოიძიონ


ორშაბათს საფრანგეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი კორონავირუსით პირველი ინფიცირების შემთხვევები მათ არა იანვარში, არამედ დეკემბერში ჰქონდათ. საქმე იმაშია, რომ ფრანგულ საავადმყოფოებში პნევმონიით დაავადებული ყოფილი პაციენტების ანალიზები თავიდან შეისწავლეს.

ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ყოფილი პაციენტებიდან ერთ-ერთს კოვიდ-19 ჰქონდა. ინფიცირებულმა საავადმყოფოს მიმართა 27 დეკემბერს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევა ინფიცირების დადასტურებულ გამოვლენამდე, თითქმის ერთი თვით ადრე დაფიქსირდა.

საფრანგეთში მომხდარის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს სხვა ქვეყნებსაც, რომ მათ კარგად გამოიძიონ ადრეული საეჭვო შემთხვევები. აქამდე ცნობილი იყო, რომ ვირუსი სარს-კოვ-2, რომელიც იწვევს დაავადებას, სახელად კოვიდ-19, ევროპის კონტინენტზე პირველად 2020 წლის იანვარში გავრცელდა.

ჩინეთმა ქვეყანაში გავრცელებული ეპიდემიის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 2019 წლის ბოლო დღეს, 31 დეკემბერს მიაწოდა. მას შემდეგ, რაც ეპიდემია სხვა ქვეყნებშიც მასობრივად გავრცელდა, 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადება გლობალურ პანდემიად გამოაცხადა.

"ეს სულ სხვა ნათელს ჰფენს ყველაფერს" - თქვა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა ქრისტიან ლინდმეიერმა, საფრანგეთში გამოვლენილი სარს-კოვ-2-ით ინფიცირების ადრეულ შემთხვევასთან დაკავშირებით. ეს აღმოჩენა დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ ვირუსის ცირკულაციის ტრაექტორიის პოტენციალი - დასძინა მან.

დაახლოებით ორი კვირის წინ, ამერიკაშიც შეიტყვეს, რომ ახალი კორონავირუსით პირველი ამერიკელი 3 კვირით უფრო ადრე გარდაიცვალა, ვიდრე ეგონათ. მანამდე ცნობილი იყო, რომ კოვიდ-19-ით პირველი ამერიკელი ვაშინგტონის შტატის ქალაქ კირკლენდში 29 თებერვალს გარდაიცვალა.

მაგრამ, წარსულის საეჭვო შემთხვევების კვლევის შემდეგ, ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ სარს-კოვ-2-ით ინფიცირებული ადამიანი კალიფორნიის შტატის ქ. სანტა-კლარაში, საკუთარ სახლში 6 თებერვალს გარდაიცვალა. მეორე ადამიანი კი იმავე ქალაქში 17 თებერვალსაა გარდაცვლილი. სანტა-კლარის ჯანდაცვის მესვეურებმა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრს პნევმონიის მქონე ადამიანების რამდენიმე საეჭვო ქსოვილის ნიმუში გაუგზავნეს და ზოგიერთზე დადებითი პასუხი მიიღეს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG