ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პომპეო: კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიიდან გავრცელდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, 3 მაისს ტელეარხ ABC-ის სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ საკმარისი საფუძველი არსებობს კორონავირუსის ჩინეთში, ლაბორატორიიდან გავრცელების შესახებ.

"არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს [კორონავირუსი] ვუჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა", - განაცხადა პომპეომ.

სახელმწიფო მდივნის განცხადება, ფაქტობრივად უარყოფს დაზვერვის სააგენტოების დასკვნას. "საუკეთესო ექსპერტები ამ ეტაპზე ფიქრობენ, რომ [კორონავირუსი] ადამიანის მიერაა შექმნილი", - თქვა სახელმწიფო მდივანმა.

აშშ-ს დაზვერვის დირექტორის დასკვნა ამბობს, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანის მიერ შექმნილი ან გენეტიკურად მოდიფიცირებული არ არის. როდესაც მაიკ პომპეოს ჟურნალისტმა უთხრა, რომ სადაზვერვო სამსახურებმა საწინააღმდეგო დაასკვნეს, პომპეომ უკან დაიხია.

"მე ვნახე ის, რაც დაზვერვის წარმომადგენლებმა დაასკვნეს. არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ისინი ცდებიან", - თქვა მან.

სახელმწიფო მდივნის მსგავსად, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ შესაძლოა ვირუსი ჩინეთში "შეცდომით" გავრცელდა. პრეზიდენტმა ამის შესახებ თეთრ სახლში ჟურნალისტებს 30 აპრილს განუცხადა.

"შესაძლოა ჩინეთმა შეცდომა დაუშვა, შეიძლება შეცდომით დაიწყო და შემდეგ კიდევ შეეშალათ, ან შესაძლოა ეს ვინმემ განზრახ გააკეთა", - თქვა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ შეერთებული შტატები ეცდება "შეისწავლოს როგორ გავრცელდა" ვირუსი.

ამავე ბრიფინგზე, პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე, თუ უნახავს მტკიცებულება და რამდენად დამაჯერებელია მისთვის ის ფაქტი, რომ ვირუსი ვუჰანის ვირუსოლოგიური ლაბორატორიიდან გავრცელდა, უპასუხა, რომ ეს მისთვის საკმაოდ დამაჯერებელია. მას დეტალებზე არ უსაუბრია. "ვერ გეტყვით, არ მაქვს უფლება გითხრათ", - თქვა მან როცა ჟურნალისტმა თხოვა მისი კომენტარი განემარტა.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები თანხმდებიან, რომ ვირუსი ჩინეთში, ვუჰანის პროვინციაში წარმოიშვა და იქიდან გავრცელდა, კვლავ უამრავი სპეკულაციაა იმის თაობაზე, თუ როგორ გაჩნდა ახალი კორონავირუსი: ის ცხოველიდან ადამიანზე გავრცელდა, შეიქმნა ლაბორატორიაში და შემთხვევით გავრცელდა, თუ როგორც შეთქმულების თეორიის ავტორებს მიაჩნიათ, გამიზნულად, სპეციალურად იყო შექმნილი და დამუშავებული.

ამერიკის დაზვერვის სააგენტოებმა, 3 აპრილს გავრცელებული განცხადებით ეს უკანასკნელი ვერსია გამორიცხეს, და თქვეს, რომ ეთანხმებიან ფართო სამეცნიერო კონსენსუსს იმის თაობაზე, რომ კოვიდ-19 არ იყო ადამიანის მიერ შექმნილი ან გენეტიკურად მოდიფიცირებული ვირუსი. ამის შესახებ ეროვნული სადაზვერვო სამსახურის დირექტორმა ისაუბრა.

დაზვერვის სამსახურების მიერ გავრცელებულმა ცნობებმა ღიად დატოვა ის საკითხი, აქვს თუ არა ჩინეთში წარმოშობილ ვირუსს კავშირი ჩინელ მკვლევარებთან.

"სადაზვერვო საზოგადოება განაგრძობს ინფორმაციის გულდასმით შესწავლას იმის დასადგენად თუ როგორ გავრცელდა ეპიდემია: ინფიცირებულ ცხოველთან ადამიანის კონტაქტით თუ ვუჰანის ლაბორატორიაში მომხდარი გარკვეული შემთხვევით", - აცხადებენ ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელები.

ჩინეთის მთავრობა, ვუჰანის ვირუსულოგიის ინსტიტუტს გამუდმებით უცხადებს მხარდაჭერას და უარყოფს ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ის ყოფილიყო კოვიდ-19-ის თავდაპირველი აფეთქებისა და გავრცელების წყარო. მათი ექსპერტების პოზიციით, ვირუსი სავარაუდოდ ცხოველიდან ადამიანს ლაბორატორიასთან ახლოს მდებარე ცხოველთა ბაზარში გადაედო.

ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი 1950 წელს დაარსდა. ინსტიტუტში მდებარეობს ქვეყნის პირველი, მეოთხე დონის ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიაც. ამგვარ ლაბორატორიებში მაღალი რისკის შემცველი, ძლიერ სახიფათო პათოგენები ინახება, რომელთათვისაც ჯერჯერობით ვაქცინა თუ სამკურნალო საშუალებები არ არსებობს. დაწესებულების ნაწილში კი ღამურებიდან გადამდებ კორონავირუსებს იკვლევენ.

ტრამპი გამუდმებით ეჭვქვეშ აყენებს ჩინეთის მიერ ამ პოზიციების უარყოფას და პეკინსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მთელი დანარჩენი მსოფლიოს შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.

"ბევრი თეორია არსებობს. ამჟამად, ვფიქრობ, ჩინეთი ცდილობს გარკვეულწილად გამჭვირვალე იყოს ჩვენთან", - ამბობს პრეზიდენტი და დასძენს, რომ ჩინეთის მთავრობის წევრებმა უნდა შეწყვიტონ მთავარი დეტალების დამალვა.

ამ დრომდე, მსოფლიოს გარშემო ვირუსს 246 000 ადამიანი ემსხვერპლა. შეერთებულ შტატებში გარდაცვლილია 67 000-ზე მეტი ადამიანი.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG