ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოფიციალურად ამერიკა არჩევნებში გამარჯვებულს 6 იანვარს დაასახელებს


ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი ამ დრომდე ელოდებიან 46-ე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. ხმის დათვლის პროცესი კი შესაძლოა დღეები გაგრძელდეს. მაგრამ ვინ აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატს გამარჯვებულად?

ბევრმა შესაძლოა იფიქროს, რომ ამას მედია აკეთებს, რაც ასე ნამდვილად არ არის. ოფიციალურად კანდიდატის პრეზიდენტად გამოცხადებას ამერიკაში თვეები და რამდენიმე საფეხურის გავლა სჭირდება.

ამერიკის კონსტიტუცია დეტალურად განსაზღვრავს ყველა ნაბიჯს, რომელიც ზედმიწევნით უნდა იყოს გავლილი და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი პრეზიდენტობის კანდიდატის გამარჯვებულად დასახელება.

ნაბიჯები მოკლე ჩამონათვალი ასეთია:
  • კანდიდატებს შორის არჩევანს აკეთებს მოსახლეობა;
  • მოსახლეობის განწყობების შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საარჩევნო კოლეგია და კონკრეტულ კანდიდატს შესაბამისი რაოდენობის ხმას აძლევს;
  • საარჩევნო კოლეგია მათ მიერ განაწილებული ხმების საბოლოო შედეგს უგზავნის კონგრესს;

კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად, იანვარში, ამერიკის მთავარი საკანონმდებლო ორგანო აცხადებს. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის გამოვლენის პროცესში, საარჩევნო დღის შემდეგ ჩართულია ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატა, საარჩევნო კოლეგია და ეროვნული არქივი. პროცესი, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული დამფუძნებელმა მამებმა შექმნეს, რომლებიც დარწმუნებულები არ იყვნენ, რომ ამომრჩეველს შეეძლო სანდო ლიდერის არჩევა.

"დამფუძნებელ მამებს არ სჯეროდათ იმის, რომ ამერიკელ ხალხს პირდაპირ უნდა აერჩია პრეზიდენტი, მაგრამ არც ის სურდათ, რომ პრეზიდენტის არჩევის ძალა მარტო კონგრესს ჰქონოდა,"- ამბობს "ამერიკის ხმასთან" საუბრისას სინეს ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ემი დეისი.

რა ხდება ახლა პროცედურების მიხედვით?

მილიონობით ადამიანმა 2020-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა უკვე მისცა. ზოგიერთ შტატში ხმების დათვლის პროცესი დასრულდა, რამდენიმე შტატში კი პროცესი ამ დრომდე გრძელდება. ხანგრძლივი პროცესის მიზეზი ნაადრევი და ფოსტით ხმის მიცემაა, მილიონობით საარჩევნო ბიულეტენის დათვლა კი საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ, რაც ყველა ხმა იქნება დათვლილი და პროცესი დასრულდება, სრულ მონაცემებს შტატები ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ არქივს გადასცემენ.

მას შემდეგ, რაც ხმები დათვლილია და მონაცემების ასლები ეროვნულ არქივში არის გადაგზავნილი, პროცესში ერთვება საარჩევნო კოლეგია. ე.წ. ელექტორები შტატებისთვის ასევე კონსტიტუციით განსაზღვრული რაოდენობის ხმებს კანდიდატებს ანიჭებენ, ხმების განაწილება კი მათ შტატში მიღებული შედეგების შესაბამისია. ყველა შტატს, სხვადასხვა რაოდენობის დელეგატების ხმა აქვს განსაზღვრული. მაგალითად ტეხასს 38 ხმა აქვს, კალიფორნიას 55, ჩრდილოეთ დაკოტას 3 და ნებრასკას 1. ის კანდიდატი, რომელიც კონკრეტულ შტატში მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერას მოიპოვებს, შესაბამისი ხმის მფლობელი ხდება.

მაგალითად თუ კანდიდატი ტეხასში დააგროვებს 50 პროცენტზე მეტს მას საარჩევნო კოლეგიაში აქვს 38 ხმა, ხოლო თუ კალიფორნიაში გაიმარჯვებს მიიღებს 55 ხმას.

კოლეგიაში სულ 538 ხმაა, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კი კანდიდატმა 270 ხმაზე მეტი უნდა დააგროვოს. წელს საარჩევნო კოლეგიამ საბოლოო შეხვედრა 14 დეკემბერს უნდა გამართოს და გამოაცხადოს 538 ხმიდან რამდენი მიიღო ჯო ბაიდენმა და რამდენი დონალდ ტრამპმა.

კოლეგიის მიერ გამოცხადებული შედეგები ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ საკანონმდებლო ორგანოში გადაიგზავნება. სენატისა და წარმომადგენელთა პალატის გაერთიანებული სხდომა წელს 6 იანვარს გაიმართება, სადაც კანონმდებლები გადაამოწმებენ არსებულ მონაცემებს და გამოაცხადებენ გამარჯვებულს.

პროცესი უმეტეს შემთხვევებში სირთულეებით არ არის დატვირთული თუმცა, ისტორიაში არსებობს ფაქტები: გარკვეული წინააღმდეგობის შესახებ საუბარია 1969 და 2005 წლებზე, როცა საარჩევნო კოლეგიის ხმებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები ისმებოდა. საბოლოო გადაწყვეტილება კანონმდებლებმა მიიღეს, რომლებმაც უარყვეს ბრალდებები და კანდიდატები გამარჯვებულად დაასახელეს.

თუ როგორ წარიმართება პროცესები ჯერ არავინ იცის, ამ დრომდე უცნობია საბოლოო შედეგები პენსილვანიაში, ნევადაში, არიზონაში, ჯორჯიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში და ალასკაზე.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG