ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნების პარალელურად, ამერიკის 5 შტატში მარიხუანის ლეგალიზება მოხდა


ისტორიული საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სენატორებს, კონგრესმენებს და ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოებში წარმომადგენლებსაც ირჩევდნენ. ასევე, მრავლად იყო სარეფერენდუმო კითხვები. ნიუ-ჯერსის შტატში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, ბიულეტენზე ეკითხებოდნენ, უჭერენ თუ არა მხარს, შტატში რეკრეაციული მარიხუანის ლეგალიზებას.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რეფერენდუმის საფუძველზე, ნიუ-ჯერსელებმა ხმა მისცეს საკონსტიტუციო ცვლილებას და რეკრეაციული მარიხუანის ლეგალიზებას. ნიუ-ჯერსელების აზრი უკვე დაფიქსირებულია და ახლა უკვე შტატის სახელისუფლებლო და წარმომადგენლობითმა ორგანოებმა უნდა დაიწყონ მუშაობა რეგულაციებზე და წესების ცვლილებაზე.

ეს პროცესი რამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, კონკრეტული თარიღები ცნობილი არ არის. თუმცა, ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში, აქტიური მუშაობა მოუწევთ, რადგან მოსახლეობის მხრიდან ზეწოლა დიდია და ეს რეალურად საარჩევნო ხმებშიც აისახება.

2020-ის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, რეკრეაციული მარიხუანის ლეგალიზებას მხარი დაუჭირეს არიზონაშიც.

მარიხუანის სამედიცინო დანიშნულებით გამოყენებას მხარი დაუჭირეს სამხრეთ დაკოტაში. ამავე შტატში ამ დრომდე უცნობია შედეგები მეორე კითხვაზე, იქნება თუ არა ლეგალიზებული რეკრეაციული მარიხუანა, რადგან ხმის დათვლის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.

მარიხუანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს მონტანაშიც, სადაც მარიხუანა ლეგალიზებული იქნება 21 წლის და მეტი ასაკის ადამიანებისთვის. მონტანაში ასევე მიიღეს გადაწყვეტილება მისი დაბეგვრის შესახებ.

მისისიპიში კი მხარი დაუჭირეს ინიციატივას, რომელიც მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის მარიხუანის პროგრამის შექმნას გულისხმობს.

მას შემდეგ რაც ნიუ-ჯერსიმ მარიხუანის ლეგალიზებას მხარი დაუჭირა, მისი მეზობელი შტატები - ნიუ-იორკი და პენსილვანია - დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. მიზეზი ის არის, რომ რეკრეაციული მარიხუანა ერთ-ერთ უდიდეს ბაზრად ითვლება და ფინანსური კუთხით ისინი მნიშვნელოვნად დაზარალდებიან.

ამიტომ, სხვადასხვა გამოცემა ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, ამ ფაქტმა დიდი გავლენა მოახდინოს მეზობელ შტატებზე, მაგალითად ნიუ-იორკზე, სადაც მარიხუანის ლეგალიზების საკითხზე მსჯელობა ერთი წელია მიმდინარეობს, მაშინ როცა შტატმა მარიხუანის დეკრიმინალიზაცია უკვე გამოაცხადა. სხვადასხვა გამოცემა წერს, რომ ნიუ-ჯერსის გადაწყვეტილებამ შესაძლოა ეს პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქაროს.

მიუხედავად იმისა, რომ 11 სხვა შტატში და ამერიკის დედაქალაქში მარიხუანა უკვე ლეგალიზებულია, ფედერალურ დონეზე ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის. შესაბამისად, ამ შტატებში ფედერალური და ადგილობრივი რეგულაციები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG