ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარიხუანის "სოციალური ეფექტი” აშშ-ში


„მარიხუანამ მოიგო შუალედური არჩევნები“, - ამ სათაურით ეხმაურება „ფორბსი“ აშშ-ი გამართულ შუალედურ არჩევნებს. საარჩევნო ბიულეტენებზე, სხვადასხვა შტატებში, სხვადასხვა სარეფერენდუმო კითხვები იყო დატანილი, მათ შორის კითხვა მარიხუანის ლეგალიზების შესახებ. მიჩიგანელმა ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს კანაფის ლეგალიზებას. რეფერენდუმის შედეგებით, მიჩიგანი შუადასავლეთში პირველი შტატი იქნება, ლეგალური კანაფით. მისურის შტატის ამომრჩევლებმა, მხარი დაუჭირეს მარიხუანის სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენებას, ისევე როგორც იუტის შტატის ამომრჩევლებმა.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფედერალური კანონონმდებლობით, მარიხუანა ლეგალური არ არის, ნიუ-იორკში, საღამოს საათებში და არა მხოლოდ, მისი სუნი მკაფიოდ იგრძნობა. განსაკუთრებით, პარასკევს და შაბათს, როცა დატვირთული კვირის შემდეგ, განტვირთვის საათები იწყება. კლუბიდან გამოსულს, აუცილებლად შეგხვდებათ ადამიანები, რომლებიც $15-$20 ნაცვლად, მარიხუანას შემოგთავაზებენ.

კანონით კი, ნიუ იორკში კანაფის მოხმარება,მხოლოდ სამედიცინო მიზნით არის დაშვებული და ის ექიმის მოთხოვნით უნდა გაიცემოდეს. კანონი რომ ირღვევა, ყველამ იცის. ამის შესახებ, რამდენიმე თვის წინ, “ნიუ-იორკ თაიმსიც” წერდა. საპოლიციო კონტროლი მკაცრი არ არის, თუმცა, წელიწადში ერთხელ, ნარკოლოგიურ შემოწმებას, თითქმის ყველა დიდი კომპანიისა და სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი იტარებს.

ნიუ-იორკი ერთ-ერთია 30 შტატიდან, სადაც მარიხუანას მოხმარება მხოლოდ სამედიცინო მიზნით არის დაშვებული. ვაშინგტონის ოლქსა და 9 შტატში კი მარიხუანა უკვე ლეგალიზებულია. აქ მარიხუანა ლეგალური, მოსახლეობის მოთხოვნითა და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით გახდა და მის შესაძენად საკმარისია, მინიმუმ 21 წლის იყოთ.

ყოველი ათი ამერიკელიდან, ექვსი ფიქრობს, რომ მარიხუანა ლეგალური უნდა იყოს. კვლევა ამ თემაზე ამერიკულმა ორგანიზაცია “პიუ”-მ მოამზადა. კვლევის მიხედვით, მარიხუანის ლეგალიზებას უფრო მეტი მამაკაცი ემხრობა, ვიდრე ქალი. უფრო მეტი თეთრკანიანი, ვიდრე ფერადკანიანი.

“პიუ“ - ს კვლევების მიხედვით დგინდება, რომ გამოკითხულთა 62% ლეგალიზების მომხრეა. მომხრეთა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, მხოლოდ 1 პროცენტითაა გაზრდილი. თუმცა, მაგალითად, 2000 წლის მონაცემებთან შედარებით, მარიხუანის ლეგალიზების მომხრე ამერიკელთა რიცხვი, ორჯერ არის გაზრდილი.

“პიუ”-ს კვლევების თანახმად, დგინდება, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს რეკორდული მაჩვენებელია. ამერიკაში ეს საკითხი დრო და დრო წამოიწევს, ხოლმე. მარიხუანის ლეგალიზებას ყველაზე აქტიურად, 80-იან წლებშიც ითხოვდნენ, 90-იან წლებში მათი რაოდენობა შემცირდა.

2018 წლის მონაცემებით, მარიხუანის ლეგალიზებას დემოკრატების 69%-ი ემხრობა, რესპუბლიკურ პარტიაში კი მომხრეებსა და მოწინაღმდეგეებს შორის სხვაობა მცირეა. 51% ფიქრობს, რომ მარიხუანა ლეგალური არ უნდა იყოს.

კვლევის ავტორის, აბიგაილ გეიგერის აზრით, აშშ-ში, მარიხუანის ლეგალიზების მომხრეთა რაოდენობა, მისი სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენების დაშვების პირდპირ პროპორციულად იზრდება.

გამოცემა “ბიზნეს ინსაიდერმა”, ცოტა ხნის წინ, მოამზადა სტატია სათაურით - “სად შეგიძლიათ ლეგალურად შეიძინოთ მარიხუანა, აშშ-ში”. სტატიის მიხედვით, ჩრდილოეთ ამერიკაში, 2017 წლის მონაცემებით, მარიხუანის გაყიდვის გზით შემოსავალი 9.7 მილიარდი დოლარი დაფიქსირდა. კომპანია “ბი დი ეს”-ის ანალიტიკოსების მტკიცებით, აღნიშნული მაჩვენებელი, 2016 წლის მაჩვენებელზე, 33 პროცენტით მეტია. 2022 წელს კი ამ მაჩვენებელის 22%-ით გაზრდას პროგნოზირებენ.

95 წლიანი აკრძალვის შემდეგ კი კანადაში მარიხუანა უკვე ლეგალურია. კანადის მთელ ტერიტორიაზე, ნებადართულია მცენარის მოყვანა, გაყიდვა და მოხმარება. უკვე გახსნილია სპეციალური მაღაზიებიც. ახალი კანონის მიხედვით, ყველა სრულწლოვანს აქვს უფლება, პირადი მოხმარებისთვის, საკუთარ სახლში მოიყვანოს მარიხუანა, არა უმეტეს 4 მცენარისა. ასევე, ნებადართულია 30 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის ფლობაც.

მარიხუანის ლეგალიზება, კანადის პრემიერ - მინისტრის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ჯასტინ ტრუდო ფიქრობს, რომ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებითა და კანონით რეგულირებით, შავ ბაზარს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი გამოეცლება.

რაც შეეხება რუსეთს, იქ მარიხუანა ლეგალური არაა, თუმცა, დეკრიმინალიზებულია. 6 გრამამდე გამომშრალი ნედლეულის ქონა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად არის მიჩნეული. ქვეყნის პრეზიდენტის აზრი უკვე ცნობილია, პუტინი ამბობს, -“როცა მარიხუანა ლეგალურია, ყველა ნარკომანი ხდება.”

საქართველოში კი მარიხუანის მოხმარება ლეგალურად ითვლება, გარკვეული შეზღუდვების დაწესებას საქართველოს პარლამენტი გეგმავს. არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში, სამედიცინო მიზნებისთვის, მარიხუანის წარმოებაც დაიწყოს. მართლმადიდებელი ეკლესიისა და საზოგადოების კარკვეული ნაწილის პროტესტის შემდეგ, კანონის პროექტზე, საპარლამენტო მუშაობა შეჩერებულია.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG