ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომიკრონ-BA.5 ქვევარიანტის ზრდის ფონზე, თეთრი სახლი ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს


როშელ ვალენსკი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორი
როშელ ვალენსკი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორი

ვაშინგტონში სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დღეისთვის ომიკრონის BA.5 ქვევარიანტი ამერიკაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა უმრავლესობის მიზეზს წარმოადგენს. თეთრი სახლის მიერ სამშაბათს გაკეთებული განცხადების მიხედვით, მთავრობა მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა კოვიდ-19-ის ვაქცინები, გამაძლიერებელი დოზები, მკურნალობა და ტესტირება ფართოდ იყოს ხელმისაწვდომი.

"ბევრი ამერიკელი არასრულადაა აცრილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ჩამორჩებიან კოვიდ-19-ის ვაქცინებით აცრის პროცესს" - ამბობს როშელ ვალენსკი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორი. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სრულად აცრა "მწვავე გამოსავლის წინააღმდეგ საუკეთესო თავდაცვას წარმოადგენს".

შეერთებულ შტატებში ომიკრონის BA.5 ქვევარიანტი დომინირებს. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ის ინფიცირების შემთხვევათა 65%-ზეა პასუხისმგებელი. ქვევარიანტი სწრაფი გავრცელებით გამოირჩევა და დღეს არსებული ინფორმაციით, იოლად უვლის გვერდს ბუნებრივ, ან ვაქცინით შეძენილ იმუნიტეტს.

თუმცა, ექიმ ენტონი ფაუჩის თქმით, რომელიც თეთრი სახლის მთავარი მრჩეველია კოვიდ-19-ის საკითხებში, სხვა ქვევარიანტებთან შედარებით, BA.5 არ იწვევს დაავადების უფრო მწვავე ფორმებს თუ ჰოსპიტალიზაციას. განცხადება ფაუჩიმ სამშაბათს, იმავე ბრიფინგზე გააკეთა.

თეთრი სახლი ახლა ფოკუსირებულია სწრაფი ტესტირების საშუალებებით უზრუნველყოფაზე, რომელიც ამერიკელებს დიაგნოსტიკის საშუალებას საკუთარი სახლის პირობებში აძლევს; ვაქცინის გამაძლიერებელ დოზებზე - ე.წ. ბუსტერებზე; კარგი ნიღბების ხელმისაწვდომობაზე და იმ ადამიანთა ფართო მხარდაჭერაზე, რომელთაც სუსტი იმუნიტეტი აქვთ.

"ვარიანტების გამოჩენა გაგრძელდება. ვირუსი აგრძელებს ცირკულაციას გლობალურად და ამ ქვეყანაში. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას საშუალება, რომ ცხოვრების ტემპი შეცვალოს, თუმცა ამ რეალობის უგულვებელყოფაც შეუძლებელია და მას თვალი უნდა გავუსწოროთ" - აცხადებს ექიმი ფაუჩი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG