ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანი ავღანეთში - ბოლო დღის სიახლეები


ეს არის ავღანეთთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დღის სიახლეების მოკლე ჩამონათვალი.

* გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი მიშელ ბაშელეტი ამბობს, რომ მისმა ოფისმა მიიღო "სანდო შეტყობინებები საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის სერიოზული დარღვევების თაობაზე, ადამიანის უფლებების შელახვაზე, რომლებიც ხდებოდა თალიბანის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე". ის სპეციალური მექანიზმის შექმნისკენ მოუწოდებს, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევს თალიბანის დაპირებებს, პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები.

* თეთრმა სახლმა სამშაბათს დილით განაცხადა, რომ ავღანეთიდან ბოლო 24 საათში 21 600 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ისინი ქაბულიდან შეერთებული შტატების სამხედრო ავიაციამ და კოალიციის თვითმფრინავებმა გაიყვანეს.

* ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ყველა სახის ჰუმანიტარული და დიპლომატიური საშუალება იქნება გამოყენებული, რათა მოხდეს "ბოლო ორი დეკადის მანძილზე ადამიანის უფლებების და ავღანეთში მიღწეულის დაცვა" და რომ თალიბანი თავის ქმედებებზე პასუხს აგებს.

* ავსტრალია იტყობინება, რომ გასული ოთხშაბათიდან მოყოლებული, ქაბულიდან 1 600-ზე მეტი ადამიანი გაიყვანა.

* აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს "ლაზერის სიზუსტის ფოკუსირება" აქვს აღებული ევაკუაციის პროცესზე. "განსაკუთრებით მადლიერნი ვართ სამხედრო ფორმის მატარებელი ჩვენი მამაკაცების და ქალების, ასევე საელჩოს თანამშრომლების, ვინც ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, იქ, ადგილზე იმყოფება და წარმოუდგენლად რთულ და სახიფათო გარემოში ისტორიულ ევაკუაციას შესაძლებელს ხდის" - განაცხადა დღეს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა.

* თეთრმა სახლმა ორშაბათს განაცხადა, რომ თალიბანთან "პოლიტიკური და უსაფრთხოების არხების მეშვეობით" ყოველდღიურ კონტაქტში იმყოფებიან, რათა ავღანეთიდან ხალხის გაყვანა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დასახულ ვადამდე, 31 აგვისტომდე დასრულდეს.

* თალიბანის პრესსპიკერმა სუჰეილ შაჰინმა ბრიტანულ "სქაი ნიუსთან" (Sky News) ინტერვიუში, 31 აგვისტოს ვადასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს "წითელი ხაზს" წარმოადგენს. მისი განცხადებით, "თუ ისინი გადავადებას გადაწყვეტენ, ეს ნიშნავს, რომ ოკუპაცია გახანგრძლივდება".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG