ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულის კატასტროფაზე ბრალს ევროპელ ლიდერებსაც უყენებენ


თალიბანის შეტევის სისწრაფის არასწორად განსაზღვრაში ბრალს მხოლოდ ამერიკის ოფიციალურ პირებს არ სდებენ. მზარდი კრიტიკის სამიზნეები არიან ევროპელი ლიდერები და უსაფრთხოების საკითხებში მათი მრჩევლები, რომლებმაც ვერ გათვალეს თუ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ამერიკული ძალების გამოყვანის შემდეგ, ავღანეთში მოვლენები რამდენად სწრაფად განვითარდებოდა.

ბრიტანეთში, პრემიერ ბორის ჯონსონს და მისი კაბინეტის მთავარ მინისტრებს, საკუთარი პარტიის კანონმდებლები და ოპოზიციური პოლიტიკოსები ბრალს სდებენ, რომ თალიბანის შესაძლო შეტევამდე ევაკუაციის გეგმები მზად არ ჰქონდათ. ჯონსონის მმართველი კონსერვატიული პარტიის უფროსმა წევრმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ტობიას ელვუდმა ნატოსა და მთავრობებს შორის კოორდინაციის ნაკლებობაზე კრიტიკა გამოთქვა.

ბრიტანულ რადიოსადგურ “თაიმს რადიოს” მან უთხრა: “პირველად სამხედროები არ გამოგყავს, პირველად სამოქალაქო პირები გამოგყავს და შემდეგ უკან იხევ. ჩვენ ეს უკუღმა გავაკეთეთ”.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ რააბზე, ევაკუაციის პროგრამის არასწორად წარმართვის გამო, გადადგომის მოთხოვნის წნეხი იზრდება. ბრიტანელი კანონმდებლები აღშფოთებული არიან, რომ თალიბანის ქაბულში შესვლისას, ის ოჯახთან ერთად კრეტაზე შვებულებაში დარჩა.

გერმანიაში, რომელმაც ავღანეთიდან ბოლო 570 ჯარისკაცი ივნისში გამოიყვანა, ანგელა მერკელის მთავრობას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ქაბულის დაცემამდე ვერ დაასრულა გეგმის შედგენა, რომლითაც გერმანული ძალებისთვის მომუშავე ავღანელების ევაკუაცია უნდა მომხდარიყო.

ჟურნალ “დერ შპიგელის” თანახმად, გერმანიის ოფიციალურმა პირებმა აპრილიდან დაიწყეს მსჯელობა რა ექნათ დაქირავებული ადგილობრივებისთვის, მათ შორის თარჯიმნებისთვის, მძღოლებისთვის და მზარეულებისთვის, მაგრამ კვირების განმავლობაში ვერ გადაწყვიტეს 2013 წლიდან გერმანელებისთვის ვინც მუშაობდა, ყველა - 50 ათასი - ავღანელის ევაკუაცია მოეხდინათ, თუ მხოლოდ მათი, ვინც ბოლო ორი წლის განმავლობაში მუშაობდა.

თვეების განმავლობაში მსჯელობდნენ იმაზე, თუ ევაკუაციაში მიმავალ ადამიანებს ქაბულიდან კომერციული ავიახაზებით საკუთარი ხარჯით უნდა ესარგებლათ, თუ გერმანიის მთავრობას ჩარტერული რეისები უნდა დაენიშნა.

შეცდომები იქნა დაშვებული თალიბანის წინსვლის სისწრაფის თაობაზე. ამერიკელი კოლეგების მსგავსად, ევროპული სადაზვერვო და უსაფრთხოების სააგენტოები ფიქრობდნენ, რომ მეტი დრო ჰქონდათ, სანამ ავღანეთის მთავრობა და ჯარი დანებდებოდა.

ზოგიერთმა ევროპელმა სამხედრო ოფიციალურმა პირმა “ამერიკის ხმას” ანონიმურობის პირობით უთხრა, რომ გერმანიის და დასავლეთის სხვა ქვეყნების სადაზვერვო სააგენტოების შეცდომის მთავარი მიზეზი სავარაუდოდ ის გახდა, რომ ვერ შენიშნეს თალიბანის ინფილტრაციული სტრატეგია, რომელსაც მათ თვეების წინ მიმართეს. თალიბანი თავის მებრძოლებს მალულად გზავნიდა პოზიციებზე საკვანძო ქალაქებში, რათა საჭირო დროს ამოქმედებულიყვნენ. ბევრ ქალაქში, მათ შორის ქაბულში, მებრძოლები უკვე ადგილზე იყვნენ.

აჰმად მასუდის, ალ-ყაიდას მიერ მოკლული ქარიზმატული საველე მეთაურის შვილის პრეს-მდივანმა ალი ნაზარიმ თქვა, რომ ზოგიერთ შემთხვევებში ასეთი ელემენტები თვითონ ავღანეთის ეროვნული არმიის რიგებშიც იყვნენ. “ამერიკის ხმას” მან უთხრა: “არმიაში თალიბანის უამრავი ლოიალისტი, უამრავი კეთილმოსურნე და მხარდამჭერი იყო. შეთქმულება თვით არმიის წიაღში იყო”. მან თქვა, რომ ზოგიერთი დასავლური საინფორმაციო შეტყობინება ქმნის წარმოდგენას, რომ თალიბანმა ავღანეთში ბლიცკრიგის ტალღა მოაწყო, რაც ტყუილია.

ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირების ერთგვარ გამართლებად შეიძლება შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ თალიბანის ლიდერებიც განცვიფრებული გამოიყურებიან იმით, რაც ბოლო ათ დღეში მოხდა. ასეთ სწრაფ წარმატებას თალიბანი თვითონაც არ მოელოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG