ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლა შიმშილთან


სტუდენტთა ინიციატივით და მონდომებით, მათ სასადილოში საჭმელი აღარ იყრება და ცხელი სადილი უსახლკაროთა თავშესაფრებს მიეწოდება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

იდეა თავიდან მერილენდის უნივერსიტეტის სტუდენტ ბენ საიმონს და მის მეგობრებს გაუჩნდა.


„შევნიშნეთ, რომ სასადილოში დღის ბოლოს საკმაოდ დიდი რაოდენობით კარგი ხარისხის საკვები იყრებოდა. მენეჯერებს შევხვდით და ვკითხეთ, გადაყრის ნაცვლად ხომ არ აჯობებდა, რომ საჭმელი ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის მიგვეწოდებინა. სიხარულით დაგვთანხმდნენ“ - ამბობს ბენი.

18 თვის წინ სტუდენტებმა დააარსეს ორგანიზაცია „საკვების აღდგენის ქსელი“. ყოველ საღამოს მოხალისეებს სასადილოებში დარჩენილი ცხელი სადილი ახლომდებარე უსახლკაროთა თავშესაფარში მიაქვთ.


„სხვადასხვა რაოდენობა გამოდის, საშუალოდ ყოველ საღამოს 45-დან 90 კილოგრამამდე საჭმელი მიგვაქვს“.

ბენმა და მისმა მეგობრებმა 23 ტონაზე მეტი საკვები მიაწოდეს მათ, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება. შეფ-მზარეულ, რობ ფეჰის თქმით, თანამშრომლებიც უკეთ გრძნობენ თავს იმის გამო, რომ მათ მიერ მომზადებული ტონობით საჭმელი აღარ იყრება.


„შევატყვეთ, რომ სტუდენტები ლანგარზე იმაზე ბევრად მეტ საჭმელს იდებენ, ვიდრე მიირთმევენ. ამიტომ ლანგარი ხმარებიდან ამოვიღეთ. მას შემდეგ გადაყრილი საკვების რაოდენობამ ერთიორად იკლო. ულუფის დამატება თუ დასჭირდათ, მეორედ დგებიან რიგში და იღებენ“ - ამბობს სასადილოს შეფ-მზარეული.

ამერიკაში ყოველწლიურად 165 მილიარდი დოლარის ოდენობის საკვები იყრება. შეერთებული შტატების ეროვნული რესურსების დაცვის საბჭოს სპიკერი, ბობ კიფი ამბობს, რომ ეს წარმოებული პროდუქციის 40 პროცენტს უტოლდება.

ამ მონაცემის შემცირება 15 პროცენტითაც რომ შევძლოთ, ეს 25 მილიონი მშიერი ამერიკელის დაპურების საშუალებას მოგვცემს. სწორედ ამას აკეთებენ მერილენდელი სტუდენტები და მათ მიერ დაარსებული ქსელი“ - აღნიშნავს სპიკერი.

სტუდენტებს სადილი ქრისტიანული ცხოვრების ცენტრშიც მიაქვთ. ბენ სლაი ეკლესიის წინამძღვარია.

საოცრებაა, უყურო სტუდენტებს, თუ როგორ იკლებენ სწავლის და გართობის დროს. ყოველ საღამოს საკუთარი სახსრებით, თავისი მანქანებით მოდიან, რომ უმწეო და უქონელ თანამოქალაქეებს დაეხმარონ. ცხელი სადილით ყოველკვირა ასობით ადამიანს ვაპურებთ“ - ამბობს პასტორი.

მერილენდელი ახალგაზრდების ინიციატივა ამერიკის 18-მა უნივერსიტეტმა აიტაცა და მათში დღეს 200-მდე მოხალისეა დასაქმებული.


„მინდა რომ მომდევნო 5 წლის მანძილზე ქსელში არა 18, არამედ 1000 ფილიალი გვქონდეს. ყველა უნივერსიტეტს და კოლეჯს რომ მოვედებით, შემდეგ რესტორნების და ფერმების ნარჩენებსაც მივხედავთ“ - ასე წარმოუდგენია ბენს სტუდენტური ქსელის მომავალი.

მის მოხალისეებს ამ ამბიციური გეგმის რეალობაში ეჭვი არ ეპარებათ.
XS
SM
MD
LG