ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკურ მიწისძვრას კენტორი ემსხვერპლა


ერიკ კენტორის დამარცხება სიმბოლური გამოხატულებაა იმის, რომ ამერიკელებს ვაშინგტონის ისტებლიშმენტი აღიზიანებთ

ზოგიერთს იმედი ჰქონდა, რომ ერიკ კენტორი წარმომადგენელთა პალატის პირველი ებრაელი სპიკერი გახდებოდა, მაგრამ სამშაბათის მოულოდნელ დამარცხებაზე მას მყისიერი რეაქცია ჰქონდა.

„31 ივლისისთვის, მე დავტოვებ უმრავლესობის ლიდერის პოსტს და ამას დიდი მოკრძალებით ვაკეთებ.“

კენტორის მეტოქემ, ეკონომიკის პროფესორმა დევიდ ბრეტმა თავის გამარჯვებას სასწაული უწოდა

„ამ საღამოს ყველას უსაზღვრო მადლობას გიძღვნით. პირველ რიგში, აშკარაა, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი წუთია და ამისთვის ყველა თქვენთაგანის წინაშე ვალში ვარ, ვინც ამ ოთახში იმყოფებით. ამიტომ საკუთარ თავს მიესალმეთ.“

ბრეტი კენტორს, არალეგალური იმიგრანტებისთვის და მათი შვილებისთვის ამნისტიის მხარდაჭერაში სდებდა ბრალს, რასაც კენტორი უარჰყოფდა.

საიმიგრაციო უფლებების აქტივისტების და დემოკრატების უწყვეტ მოთხოვნებს, საიმიგრაციო რეფორმა კონგრესის კენჭისყრაზე გაეტანათ, კონგრესის რესპუბლიკელი ლიდერები უარით პასუხობდნენ.

ვირჯინიის უნივერსიტეტის პოლიტიკური ანალიტიკოსი, ჯეფრი სკილეი კითხვაზე: ეს საკითხი უკვე მკვდარია თუ არა, პასუხობს, რომ ყოველთვის, როცა კონგრესის გამოჩენილი წევრი პირველად არჩევნებში მარცხდება, სხვა კონგრესმენები ამას ითვალისწინებენ.

„ვფიქრობ, რომ ეს უფრო გაართულებს რესპუბლიკელთა ხმების მოპოვებას იმისთვის, რომ რეფორმა დამტკიცდეს, ან თუნდაც კონგრესის კენჭისყრამდე მიაღწიოს, რადგან კონგრესმენებს იმის შიში ექნებათ, რომ ადამიანებს განარისხებენ და ისინი პირველად არჩევნებში ხმას მათ წინააღმდეგ მისცემენ.“

მას სხვა ანალიტიკოსებიც ეთანხმებიან იმაში, რომ საიმიგრაციო რეფორმა ერთი ფაქტორი იყო, მაგრამ სჯერათ, რომ კენტორის დამარცხება უფრო იმის სიმბოლური გამოხატულებაა, რომ ვაშინგტონის ისტებლიშმენტისადმი გაღიზიანება ბევრ ადამიანში ფართოდაა გავრცელებული.

რესპუბლიკელი საზოგადოებრივი აზრის მკვლევარი ჯონ მაკჰენრი აღნიშნავს, რომ სამხრეთ კაროლინაში გამართული სენატის არჩევნები სხვაგვარად წარიმართა.

„იმავე დღეს, როცა ერიკ კენტორი დამარცხდა, სენატორმა ლინდსი გრეჰემმა, რომელმაც ყოვლისმომცველ საიმიგრაციო კანონპროექტს დაუჭირა მხარი, ამომრჩეველთა ხმების 56 პროცენტი მიიღო.“

დემოკრატებმა კონგრესშიც და სენატშიც ხმამაღლა განაცხადეს, რომ რესპუბლიკელებმა კენტორის დამარცხება საიმიგრაციო საკითხზე უმოქმედობის გამამართლებელ საბუთად არ უნდა გამოიყენონ.

დემოკრატი სენატორი ჩაკ შუმერი ამბობს:

„ყოველთვის, როცა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კონგრესის რესპუბლიკელ წევრებს, ბიზნესმენებს, ფერმერებს და რელიგიურ ლიდერებს საიმიგრაციო რეფორმის თაობაზე ვესაუბრებოდი, სულ მესმოდა, რომ წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელობას სურდა ამ საკითხის წინ წამოწევა, მაგრამ კენტორის მხარდაჭერა არ ჰქონდათ.“

ამ პოლიტიკური მიწისძვრის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში, კონგრესის რესპუბლიკელები საკუთარი, შიდა ხელმძღვანელობისთვის ბრძოლაზე გადაერთვებიან.
XS
SM
MD
LG