ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები რჩება


როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, გამარჯვების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ეკონომიკური ვითარება იქნება.

შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხუთ თვეზე ნაკლები რჩება. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, გამარჯვების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ეკონომიკური ვითარება იქნება. საარჩევნო მარათონის დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯიმ მალონი არკვევდა.

უკვე ცნობილია, რომ რესპუბლიკელები თავიანთ საპრეზიდენტო კანდიდატად მასაჩუსეტის ყოფილ გუბერნატორს მიტ რომნის დაასახელებენ.

„შეხედეთ ამ მარათონს. ეს არ არის უბრალოდ მარათონი ხალხის ან პოლიტიკის შესახებ. ეს არის მარათონი ქვეყნის კურსის შესახებ. მე შევინარჩუნებ ამერიკის სიძლიერეს და ამ ქვეყნის ვალდებულების პატივს, იყოს ერთიანი ქვეყანა ღმერთის მფარველობით,“ - განაცხადა მიტ რომნიმ.

ბოლო მონაცემებით, უმუშევრობის მაჩვენებელი შეერთებულ შტატებში 8.2 პროცენტს შეადგენს, ხოლო საფონდო ბირჟებზე არასტაბილური გარემო გრძელდება, რაც შიდა ეკონომიკაში ახალი ეჭვების შედეგია. ამას კი ნოემბრის არჩევნებში უდიდესი მნიშვნელობა ექნება. კიდევ ერთი ფაქტორი, რაზეც ანალიტიკოსები მიუთითებენ, რესპუბლიკელთა განწყობაა, რომელიც გაცილებით უფრო იმედიანია, ვიდრე ოთხი წლის წინ ობამა-მაკეინის დაპირისპირების დროს.

ჯონ ფორტიერი ორპარტიული პოლიტიკის კვლევის ცენტრის ანალიტიკოსია.

„2008 წელთა შედარებით განსხვავება ის არის, რომ რესპუბლიკელები უფრო ენერგიულად არიან. 2008 წელს უფრო მეტი ენერგია დემოკრატებს ქონდათ. ვფიქრობ, 2012 წელს ორივე მხარეს ენერგიის განახლებას ვნახავთ,“ - ამბობს ფორტიერი.

მისი თქმით, რესპუბლიკელთა ძალა კარგად გამოჩნდ ვისკონსინის შტატში, სადაც ვადამდელ არჩევნებში ისევ რესპუბლიკელმა გუბერნატორმა გაიმარჯვა. პრეზიდენტ ობამას მომხრეებს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარება ადარდებთ და ფიქრობენ, რომ შესაძლოა ამან ბარაკ ობამას ბედზე იმოქმედოს.

პრეზიდენტი ობამა კი ყურადღების გამახვილებას რესპუბლიკელებზე აპირებს და ცდილობს ქვეყნის ეკონომიკის გაუარესებაში კონგრესში რესპუბლიკელთა უმრავლესობა დაადანაშაულოს.

„სამომავლო გეგმებზე დებატებს ბევრი დრო დაეთმობა. მე მსურს ეს დებატები. თუმცა ახლა, ამ ქალაქში მყოფმა ადამიანებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ რათა შენარჩუნდეს ეკონომიკის გამოჯანსაღება და ჩვენი ქვეყნის სიძლიერე,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

ანალიტიკოსი ფორტიერი ამბობს, რომ პრეზიდენტისთვის ქვეყნის ეკონომიკური ვითარება, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯების მთავარი ინდიკატორი, მართლაც დამაფიქრებელია.

გელაპის სოციოლოგი ფრენკ ნიუპორტი ეთანხმება, რომ ეკონომიკა მთავარი საკითხი იქნება.

„ბოლოს ჩატარებული სამი არჩევნებიდან ორის შედეგები ერთმანეთთან ახლოს იყო. 2000 წელს თვით უზენაესი სასამართლოს ჩარევაც კი გახდა საჭირო. 2008 წელს კი ობამამ ეროვნულ დონეზე მხოლოდ შვიდი პუნქტით მოიგო. ეს იყო ძალიან ძლიერი არჩევნები, თუმცა ჯორჯ ბუშის მიმართ იყო ნეგატიური განწყობა. ამდენად, ვფიქრობ, რომ არჩევნებში შედეგების სიახლოვე ამერიკისთვის ბუნებრივი ტენდენციაა,“ - ამბობს ნიუპორტი.

ამერიკული ჟურნალის „ჰერთლანდ მონიტორის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, პრეზიდენტი ობამა მხოლოდ მცირედით უსწრებს მიტ რომნის. ბარაკ ობამას გამოკითხულთა 44 პროცენტი უჭერს მხარს, მიტ რომნის კი 41.

ამავე გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტის დასაქმების პოლიტიკის მომხრეთა რიცხვი 51 პროცენტიდან 47-მდე შემცირდა.

XS
SM
MD
LG