ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უვიზო რეჟიმის ახალი მოლოდინის მექანიზმი ჩართულია


მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ქვეყანა შენგენის ზონის ქვეყნებთან თავისუფალი მიმოსვლის უფლების მიღებას ელის. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მოლოდინის რეჟიმი 2015 წლის ბოლოდან ჩაირთო. საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს მიმდინარე წლის განმავლობაში „ამერიკის ხმასთან“ არაერთხელ განუცხადებიათ, რომ საქართველომ შეასრულა ყველანაირი ტექნიკური მოთხოვნა სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე და ჯერი ევროკავშირზე იყო.

მიმდინარე წლის ზაფხულში ახალი წინაღობა გაჩნდა. ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ განაცხადა, რომ მსოფლიოში განვითარებული შეიარაღებული კონფლიქტების გამო გაზრდილ მიგრანტთა რაოდენობის კონტროლზე მათი მოქალაქეები რეგულაციების გამკაცრებას მოითხოვენ.

შესაძლებელია, საქართველოს და უკრაინის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღონ ცალ–ცალკეც და შესაძლებელია ერთადაც. მხოლოდ გაგვიხარდებოდა, თუკი ეს ერთად მოხდება.
ვიქტორ დოლიძე

ევროკავშირის წევრი ქვეყნები დღეისთვის უკვე შეთანხმდნენ ეგრეთწოდებულ შეჩერების მექანიზმზე. გადაწყვეტილებას ევრო-პარლამენტარებმა კენჭი დღეს უყარეს და ის 485 ხმით -132–ის წინააღმდეგ მიღებულ იქნა. უვიზო მიმოსვლის საბოლოო მიღებამდე ახლა საქართველოს რამდენიმე პროცედურული საკითხი აშორებს.

საქართველოსთან ერთად ასოცირების შეთანხმებას ხელი უკრაინამაც მოაწერა. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში სახელმწიფო მინისტრს ვიქტორ დოლიძე საქართველოსთვის და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების პროცესზე საუბრობს:

„საქართველოს, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, უფრო წინ ჰქონდა ნაბიჯები გადადგმული, ვიდრე უკრაინას. თუმცა ეს არ იმას გამორიცხავს, რომ გადაწყვეტილება როგორც შეჩერების მექანიზმის ფარგლებში იქნა მიღებული, ასევე ერთად ეყაროს კენჭი უვიზო რეჟიმის დაწყებას საქართველოსთან და უკრაინასთან. ეს იქნება იანვრის თუ თებერვლის ევრო-პარლამენტის სხდომაზე. შესაძლებელია, საქართველოს და უკრაინის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღონ ცალ–ცალკეც და შესაძლებელია ერთადაც. მხოლოდ გაგვიხარდებოდა, თუკი ეს ერთად მოხდებოდა, თუკი ჩვენთან ერთად, უკრაინაც გადადგამდა ნაბიჯს წინ. ჩვენ ყოველთვის ასე ვიყავით განწყობილები ამ საკითხის მიმართ,“ ამბობს დოლიძე.

ამავე თემაზე „ამერიკის ხმას“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილსაც ესაუბრა:

ევროკავშირი გვაჩვენებს, რომ ისაა ნამდვილი პარტნიორი, რომელიც კონკრეტულ სიკეთეს სთავაზობს ჩვენს მოქალაქეებს
ელენე ხოშტარია, პარლამენტის წევრი

„დღევანდელი მდგომარეობით უვიზო რეჟიმის დაწესების ყველა შემაფერხებელი ფაქტორი მოხსნილია. ამ გადაწყვეტილებას წინ აღარაფერი არ უნდა აღუდგეს. ევროკავშირი გრძნობს ამ პასუხისმგებლობას, ვალდებულებას. ევროკავშირის და ევროკომისიის პრეზიდენტების მხრიდანაც გაკეთდა შესაბამისი განცხადებები იმის თაობაზე.“

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ევრო-პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას ცალსახად დადებითად აფასებენ.

„რამდენადაც მე მოვისმინე, მომავალი წლის პირველ კვარტალში უკვე ამოქმედდება ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი საზოგადოებისთვის, რომლითაც ევროკავშირი გვაჩვენებს, რომ ისაა ნამდვილი პარტნიორი, რომელიც კონკრეტულ სიკეთეს სთავაზობს ჩვენს მოქალაქეებს. ესაა გადაწყვეტილება, რომელსაც იმსახურებს ჩვენი საზოგადოება კარგა ხანია და რომელიც ბევრ შესაძლებლობას შეუქმნის ჩვენს ქვეყანას,“ ამბობს პარლამენტარი ელენე ხოშტარია.

ევროკავშირი საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის მიცემამდე ახალ რეგულაციებს აწესებს და უფლებას იტოვებს უვიზო მიმოსვლა შეზღუდოს, თუ მათ ქვეყნებში საგრძნობლად გაიზრდება არალეგალი მიგრანტების რაოდენობა, ან თუ იმ მოქალაქეების რიცხვი გაიზრდება, ვისაც უარს ეტყვიან ევროკავშირის წევრ ქვეყანაში შესვლაზე და ასევე იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნებთან რეადმისიის შეთანხმებას რამენაირი პრობლემა შეექმნება. საქართველოში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას 2017 წლის აპრილში ელიან.

XS
SM
MD
LG