ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამ თვეში ევროპაში უვიზოდ


ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლა მხოლოდ 67 ქვეყანაში შეუძლიათ, ამ სიაში ევრაზიული ქვეყნებიდან არის მხოლოდ: უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და კოსოვო, რომლის დამოუკიდებლობასაც თბილისი არ აღიარებს.

საქართველო კიდევ უფრო მიუახლოვდა ისტორიულ მიზანს - მას შემდეგ, რაც მიგრაციის, შიდა საქმეებისა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა გუშინ ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტს თბილისისთვის ვიზა ლიბერალიზაციის დაწესების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა.

ევროსაბჭოს 2001 წლის #539 რეგულაციის „შავი სიიდან“ „საქართველოს“ ამოღებას მხოლოდ ევროპარლამენტისა და ევროკავშირის მინისტრთა საბჭოში კენჭისყრა სჭირდება. ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, ეს პროცესი 2016 წლის ზაფხულის ბოლომდე უნდა დასრულდეს და ამის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს ევროპის კონტინენტის 30 ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლა შეეძლებათ.

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი ამბობს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი უმნიშვნელოვანესია ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციის გზაზე.

“უვიზოდ მიმოსვლას, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანებს უშუალო კონტაქტის საშუალება ეძლევათ ევროპულ ოჯახსა და სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ჩვენი თანამოქალაქე გადაადგილდეს და ნახოს ევროპა და ევროპელებმაც უკეთ გაიცნონ ჩვენი ქვეყანა და მოქალაქეები.

ეს იქნება გარკვეულწილად იმის საფუძველიც, რომ ევროპელისთვის საქართველოს მოქალაქე აღარ იქნება უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანი, არამედ, გახდება ძალიან ახლობელი და კარგად ნაცნობი. ეს კი საბოლოო ჯამში, ინტეგრაციის პროცესისთვის არის მნიშვნელოვანი.“

2016 წლის სავიზო შეზღუდვების ინდექსის მიხედვით, რომელსაც შვეიცარიული იურიდიული კომპანია Henley & Partners-ი აქვეყნებს, მსოფლიოს 199 ქვეყანას შორის, საქართველოს 71-ე ადგილი უჭირავს.​

​Visa Restrictions Index-ის მონაცემებით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლა მხოლოდ 67 ქვეყანაში შეუძლიათ, ამ სიაში ევრაზიული ქვეყნებიდან არის მხოლოდ უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და კოსოვო, რომლის დამოუკიდებლობასაც თბილისი არ აღიარებს.

შედარებისთვის, სიის ლიდერ - გერმანიის მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლა მსოფლიოს 177 ქვეყანაში შეუძლიათ, მეორე ადგილზე მყოფ შვედეთის მოქალაქეებს კი 176 ქვეყანაში. რუსეთის პასპორტით უვიზოდ 105 ქვეყანაში შეიძლება ჩახვიდე, მოლდოვის პასპორტით კი - 101 ქვეყანაში.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში, საქართველო ევროკავშირისა და შენგენის ვიზებზე უარის თქმის მაჩვენებლით ლიდერია რეგიონში. ფონდ „ევროპული ინიციატივა ლიბერალური აკადემიის“ კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო განაცხადზე უარის მაჩვენებელი 2007-2011 წლებში, 10%-დან 17%-მდე მერყეობდა, 2012 წელს -13% იყო, 2013 წელს - 11.5%-მდე შემცირდა, თუმცა, 2014 წელს ისევ - 12.7% გაიზარდა (იხილეთ გრაფიკა). ეს მაშინ, როდესაც ვიზაზე უარის თქმის საშუალო მსოფლიო მაჩვენებელი მხოლოდ 5%-ია.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის ხელმძღვანელი მარკ ჰულსტი ამბობს, რომ ზაფხულიდან ეს პრობლემები ავტომატურად მოიხსნება.

„ახლა ვიზების მიღების პროცედურების დროს, საქართველოს მოქალაქეებისთვის მრავალი მიზეზის გამო, მაინც იქნება პრობლემები, თუნდაც ვადებთან დაკავშირებით, იგივე ზაფხულის პერიოდში. ეს პრობლემები მოიხსნება და ეს რა თქმა უნდა ძალიან დადებითია.“

საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირში გულისხმობს შენგენის ზონის 26 და ოთხ კანდიდატ ქვეყანაში მოგზაურობას - 180 დღეში, არაუმეტეს 90 დღის გატარების უფლებით. ამისთვის საჭირო იქნება მხოლოდ საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის წარდგენა. უვიზოდ მიმოსვლა ამ ეტაპზე არ მოიცავს დიდ ბრიტანეთს და ირლანდიას. ასევე, არ ითვალისწინებს გრძელვადიან ვიზიტებს - დასაქმების ან განათლების მიღების მიზნით.

რაც შეეხება ბიომეტრიულ პასპორტებს, მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილს ამ დრომდე არ სჯერა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა უკვე დაადგინა, რომ ახალ პასპორტებზე „არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე მათით სარგებლობა შესაძლებელია”.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლია მოგზაურობა ან საზღვარზე შეუძლიათ ვიზის მიღება

ევროპა - უკრაინა, თურქეთი, მოლდოვა, კოსოვო, აზერბაიჯანი, ბელარუსი, სომხეთი

აზია - ისრაელი, სამხრეთ კორეა, ირანი, შრი-ლანკა, ქუვეითი, ყაზახეთი, უზბეკეთი, კამბოჯა, იორდანია, ყირგიზეთი, ლიბანი, ლაოსი, მაკაო, მალაიზია, მალდივის კუნძული, მონღოლეთი, ნეპალი, სირია, ტაჯიკეთი

აფრიკა - ეგვიპტე, კენია, მადაგასკარი, ბურუნდი, კა ვერდე, ჯიბუტი, გამბია, მავრიკი, მოზამბიკი, ნამიბია, რუანდა, ტანზანია, ტოგო, უგანდა, ზამბია, კომორის კუნძულები, მალავი, სეიშელის კუნძულები, სომალი

სამხრეთ ამერიკა - ბრაზილია, არგენტინა, ეკვადორი, კოლუმბია, ურუგვაი, ჩილე

ცენტრალური ამერიკა - კუბა, იამაიკა, პანამა, ნიკარაგუა, ანტიგუა და ბარბუდა, ბაჰამის კუნძულები, ბარბადოსი, დომინიკა, გრენადა, ჰაიტი, სენტ ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები

ოკეანეთი - კუკის კუნძულები, მიკრონეზია, ნიუე, სამოა, მარშალის კუნძულები, ტუვალუ

2016 წლის ზაფხულის შემდეგ ამ ჩამონათვალს დაემატება

ევროპა - ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია, ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG