ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპარლამენტი რეზოლუციისთვის ემზადება


ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა, ასევე გამოქვეყნდა რეზოლუციის პროექტიც, რაც ასახავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას.

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებს წარმომადგენლები საქართველოდან არ დასწრებიან, მათ შორის არც სტუმრის სტატუსით. ევროპარლამენტში დადებითი გამოხმაურებაა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, რის თაობაზეც ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმაც ისაუბრა. თუმცა, ამავდროულად, არავინ ივიწყებს ხარვეზების ხაზგასმას, რაც საქართველოსთან მიმართებით არსებობდა. ეს პირველ რიგში შეეხება მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური ოპონენტების საკითხს. „საქართველოს შემთხვევაში ვიხილეთ შთამბეჭდავი მცდელობა სამოქმედო გეგმის შესრულებისა. შედეგებიც უკვე თვალსაჩინოა, სხვა მაჩვენებლებიც დამაიმედებელ სიგნალს იძლევა. დეკემბერში გამოქვეყნებული დასკვნა იყო პოზიტიური. ახლა, საქართველოსთან ერთად, სრული ვიზა-ლიბერალიზაციის მიღწევას ველოდებით. ჩვენ ასევე ვაკვირდებით მოვლენებს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით. სასიხარულოა სამივე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი, თუმცა ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი,“- განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

მმართველი კოალიციის წარმომადგენლები, ევროპარლამენტარების კრიტიკულ შენიშვნებს, როგორც წესი, უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი არგუმენტით ეპასუხებიან. ეს ეყრდნობა მოცემულობას, რომლის თანახმად ევროპარლამენტართა უმრავლესობას ქართული ოცნების მთავარი პოლიტიკური ოპონენტის - ნაციონალური მოძრაობის პარტნიორი „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლები შეადგენენ, რომლებიც მიზანმიმართულად აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას. პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან გიორგი ვოლსკი აცხადებს: „რეზოლუცია მნიშვნელოვანწილად ასახავს პოლიტიკურ პოზიციებსაც, რომელიც ევროპარლამენტში გააჩნიათ უმრავლესობაში მყოფ ევროპის სახალხო პარტიას და სხვა პარტიებს, რომლებიც უმცირესობაშია. ანუ, პარტიული ნიშანი ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით უნდა გავითვალისწინოთ“.

ამერიკის ხმასთან საუბრისას პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის: „თუ შევადარებთ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, ამ დოკუმენტში ჩვენ უფრო სიმპატიურად გამოვიყურებით, ვიდრე ნებისმიერი სხვა მეზობელი. ჩვენთვის სასარგებლოა ნებისმიერი ხასიათის შეფასება. იმ შემთხვევაში, სადაც არის სიმართლე და სიმყარე, ჩვენ ვცდილობთ გამოვასწოროთ მდგომარეობა, სადაც ჩვენი ევროპელი კოლეგები ან ვერ ერკვევიან, ან უბრალოდ, შეცდომაში არიან შეყვანილი, ვაწვდით მათ ინფორმაციას. ევროპის სახალხო პარტია, ნამდვილად ყველაფერს ითვალისწინებს, რასაც ნაციონალური მოძრაობა უზიარებს. EPP ხშირ შემთხვევაში ნამდვილად არ არის გულწრფელი და არ არის ობიექტური. მაგრამ EPP ერთადერთი ძალა არაა ევროპარლამენტში. სოციალისტები და მწვანეები გამოირჩევიან EPP-სგან ყველა საკითხში, მათ შორის საქართველოს შეფასების საკითხში. რაც შეეხება იმ ჯგუფს, რომელსაც ჩვენი პარტიაც მიეკუთვნება (რესპუბლიკური პარტია - ნ.დ.), ლიბერალებს, ის გაყოფილია, ნაწილი უჭერს მხარს, ნაწილი არა. როგორც წესი, ევროპარლამენტში, განსხვავებით სხვა ევროპული სტრუქტურებისგან, ეს ბალანსი დაცულია. ანუ საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებები იქ არ მიიღება იმის გამო, რომ სოციალისტებისა და მწვანეების წინააღმდეგობა ძალიან მტკიცეა. მიუხედავად ამისა, მინდა გითხრათ, რომ არსებული რეზოლუციის პროექტი, თუ მასში შევა კრიტიკის ის ელემენტები, რაც ჩვენ უკვე ვნახეთ, ეს საფრთხეს არ უქმნის საქართველოსთვის არც ვიზალიბერალიზაციის და არც რომელიმე სხვა პროცესს. გაცილებით უფრო მძიმე იქნებოდა რომ მიეღოთ ის რეზოლუციები, რომლის მიღებისთვისაც იბრძოდა EPP დეკემბერსა და ნოემბერში. ახლა მდგომარეობა ბევრ სფეროში გამოსწორებულია. მაგალითად, რუსთავი 2-თან დაკავშირებული ამბები ახლა ისე მძაფრად არაა, როგორც მაშინ იყო და არანაირი საფრთხე მედიის თავისუფლებას არ ემუქრება და ამას თვითონაც აღნიშნავენ“.

ევროპარლამენტში არც იმ ფაქტების შესახებ დაივიწყეს, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოს რამდენიმე ქალაქში და რაც ტოტალიტარიზმის ბელადის ძეგლების აღდგენის მცდელობას უკავშირდებოდა. მართალია არც ერთი ასეთი შემთხვევა ხელისუფლების წარმომადგენლების უშუალო ინიცირებით არ ორგანიზებულა, მაგრამ დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულების გულწრფელობაში ამ შემთხვევებმა ევროპარლამენტარებში კითხვები მრავლად გააჩინა.

სესიებზე ხაზი გაესვა იმასაც, რომ რუსეთი რეგიონში დესტაბილიზაციის ძირითადი წყაროა და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ეს ფაქტორი მუდმივი საფრთხის წინაშე ამყოფებს. ევროპარლამენტი წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტს კენჭისყრაზე დღეს დააყენებს.

XS
SM
MD
LG