ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლაპარაკება ვენაში და ვითარება ადგილზე, სირიაში


შეხვედრებში პირველად იღებენ მონაწილეობას რუსეთი და ირანი, ქვეყნები - რომლებიც სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს უჭერენ მხარს.

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში სირიის კრიზისის დარეგულირების თაობაზე მოლაპარაკებები განახლდა. მასში 17 ქვეყნის დიპლომატები, გაეროს და ევროპის კავშირის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. მოლაპარაკებას არ ესწრებიან სირიის მთავრობის წევრები და ქვეყნის ზომიერი ოპოზიციის ჯგუფები.

შეხვედრებში პირველად იღებენ მონაწილეობას რუსეთი და ირანი, ქვეყნები - რომლებიც სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს უჭერენ მხარს. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობს ირანის მეტოქე საუდის არაბეთი, რომელიც შეერთებული შტატების პოზიციას იცავს და აცხადებს, რომ პრეზიდენტი ასადი, რომელმაც ქვეყანა ოთხწლიან სამოქალაქო ომამდე მიიყვანა, არცერთი ტიპის პოლიტიკური რეზოლუციის მონაწილე არ უნდა გახდეს.

დღეს სირიის სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებულ იერიშში სულ ცოტა 40 ადამიანი დაიღუპა. შეტევა დამასკოს მახლობლად ამბოხებულების მიერ კონტროლირებულ, მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე იყო მიტანილი.

ადგილობრივი უფლებადამცველების ცნობით, იერიში ნახევარი დღის მანძილზე გრძელდებოდა. დაახლოებით 100 ადამიანი დაიჭრა და მსხვერპლის რაოდენობაც, მათი ვარაუდით, გაიზრდება. შეტევასთან დაკავშირებით სირიის ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG