ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენესუელა: ოპოზიცია მადუროს წინააღმდეგ


ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა და პრეზიდენტის მოვალეობის თვით-გამოცხადებულმ შემსრულებელმა, ხუან გუაიდომ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. გუაიდო ცდილობს ქვეყნის შეიარაღებული ძალების ოპოზიციის მხარეზე გადაბირებას. მან მოსახლეობას „სამხედრო ძალების ხალხის მხარეს დადგომის“ მოსათხოვნად, ოთხშაბათს დემონსტრაციისკენ მოუწოდა. ხოლო შაბათს, მან მხარდამჭერებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩაში გამოსვლა სთხოვა. შაბათს სრულდება პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მიერ ხელახალი არჩევნების დანიშვნის გადაწვეტილების მიღების ვადა, რომელიც ევროპულმა ქვეყნებმა მას წაუყენეს.

გუაიდო იმ ჯარისკაცებს, რომლებიც დემოკრატიულ არჩევანს მხარს დაუჭერენ და ყოფილი ლიდერის ნიკოლას მადუროს მთავრობის წინააღმდეგ წავლენ, ამნისტიას პირდება. „ჩვენ თქვენ გელით, ვენესუელის ჯარისკაცებო. ჩვენ თქვენ გელით, და თქვენს ვალდებულებას ჩვენი კონსტიტუციის წინაშე“, - განაცხადა გუაიდომ კვირას.

ოპოზიციის მხარდამჭერები, შეძახილებით “ჯარისკაცო მეგობრებო, მხოლოდ თქვენ გვაკლიხართ“ პოლიციის და სამხედროების ამნისტიის გეგმის შესახებ ბროშურებს არიგებენ.

ჯარისკაცების ნაწილმა, ბროშურები დახია და მოისროლა. თუმცა ბევრი მათგანი ამბობს, რომ ისინი და მათი ოჯახები საკვების და ძირითადი საჭიროებების დეფიციტმა დაღალა.

ამის ფონზე, პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ ჯარი მის მხარეზეა. ის სამხედრო წვრთნებს დაესწრო, რუსელი წარმოების ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნისა და საზენიტო ტყვიამფრქვევის გამოყენებით.

„არავინ სცემს პატივს სუსტს, მხდალსა და გამყიდველს. ამ სამყაროში გამბედავ, მამაც ძალას სცემენ პატივს“, - განაცხადა მან რუსული არტილერიის გამოცდის ფონზე.

მადუროს თქმით, მას მშვიდობა სურს. თუმცა, მომავალ თვეს, მან დამატებითი სამხედრო წვრთნები დაგეგმა, რომელიც მისი თქმით „ვენესუელის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია“.

კვირას, მადურომ უარყო ევროპის ქვეყნების ულტიმატუმი ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ. ამისთვის ევროპული ქვეყნების ნაწილმა, მას რვა დღე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გუაიდოს პრეზიდენტად აღიარებენ. „მათ უკან უნდა წაიღონ ეს ულტიმატუმი. ვერავინ წაგვიყენებს ჩვენ ულტიმატუმს“, - განუცხადა მადურომ სი-ენ-ენის თურქულ არხს.

გასულ წელს, შეერთებულმა შტატებმა დაგმო ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მადურო პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით იქნა არჩეული. ვაშინგტონმა არჩევნები ფარსად შეაფასა, რომელიც არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი.

მადუროს მეორე ვადით ინაუგურაციიდან ორი კვირის თავზე, ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა ეროვნულმა ასამბლეამ ის არალეგიტიმურ პრეზიდენტად გამოაცხადა. ეროვნული ასამბლეის ლიდერმა ხუან გუაიდომ კონსტიტუციის შესაბამისი მუხლების გამოყენებით, ახალი არჩევნების ჩატარებამდე, თავი გარდამავალ პრეზიდენტად გამოაცხადა. შეერთებულმა შტატებმა და ლათინო-ამერიკული ქვეყნების უმრავლესობამ გუაიდო პრეზიდენტად აღიარა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს შაბათს მოუწოდა, რომ მათ ვენესუელაში „მხარე აირჩიონ“. მან მადუროს რეჟიმს „არალეგიტიმური მაფია-სახელმწიფო“ უწოდა და გააკრიტიკა ის ქვეყნები, რომლებიც მას მხარს უჭერენ, მათ შორის რუსეთი, ჩინეთი, ირანი და კუბა.

შეერთებული შტატების და ლათინო-ამერიკული ქვეყნების მყისიერმა პასუხმა, ვენესუელის სოციალისტი ლიდერის გაღიზიანება გამოიწვია. თუმცა ზეწოლის კვალდაკვალ, ამერიკის საელჩოს დახურვის და ამერიკელი დიპლომატების გაძევების ბრძანება უკან წაიღო.

პომპეომ გააფრთხილა მადურო „არ გამოსცადოს შეერთებული შტატების მზაობა“ დაიცვას საკუთარი მოქალაქეები. ხოლო, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ მადუროს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ შეწყვიტოს გუაიდოს და ეროვნული ასამბლეის მუქარა. ბოლტონის თქმით, გუაიდოს, ეროვნული ასამბლეის ან ამერიკის დიპლომატიური პერსონალის წინააღმდეგ ძალადობა „იქნება კანონის უზენაესობის უხეში დარღვევა და სერიოზულად გაეცემა პასუხი“.

ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს, რომის პაპიც გამოეხმაურა, მან „სამართლიანი და მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ“ მოუწოდა.

ნავთობით მდიდარ ვენესუელაში კორუფციამ, მსოფლიოში ენერგო პროდუქტებზე ფასების დაცემამ და სოციალური პოლიტიკის მარცხმა ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. საკვები, საწვავი და მედიკამენტები ძნელად მოიპოვება. ინფლაცია კონტროლს მიღმაა. მილიონობით ვენესუელის მოქალაქემ ქვეყანა დატოვა.

მადურო ოპოზიციის პროტესტს ყურს არ ათხოვებდა. ის ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისს შეერთებულ შტატებს აბრალებდა და ვაშინგტონს ოპოზიციის მხარდაჭერაში სდებდა ბრალს. მის მოწინააღმდეგე ოპოზიციურ ლიდერებს, მადურო ტრამპის ლაქიებად მოიხსენიებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG