ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო ვენესუელაში მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს


ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ნიკოლას მადურომ ამერიკელი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. მადურომ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცა ოთხშაბათს საღამოს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ მდგომარეობა ვენესუელაში შესაძლოა "კატასტროფად" იქცეს, თუკი პოლიტიკური მეტოქეები შეთანხმების მიღწევას ვერ შეძლებენ.

კრიზისი ვენესუელაში ოთხშაბათს გამწვავდა. ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ის წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დონალდ ტრამპმა გარდამავალ ეტაპზე დროებით პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი, საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი ხუან გუაიდო აღიარა. გუაიდომ მასშტაბური საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას დროებით პრეზიდენტად თავი თავად გამოაცხადა.

ანტონიო გუტერეშმა ვენესუელის შესახებ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა და თქვა, რომ გაერთიანებული ერები იმედოვნებს, რომ "დიალოგი შესაძლებელია და საჭიროა თავიდან ავიცილოთ ესკალაცია, რომელიც ქვეყნის მოსახლეობისა და რეგიონისთვის კატასტროფული ხასიათის კონფლიქტამდე მიგვიყვანს".

მადუროს განცხადებას ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ვენესუელის პრეზიდენტი აღარ არის და შესაბამისად, მის ბრძანებას ძალა აღარ აქვს.

პრეზიდენტმა ტრაპმა კი ცალსახად აღნიშნა, რომ "ყველა ვარიანტი განიხილება" იმ შემთხვევისთვის, თუკი ქვეყანაში ძალაუფლების მშვიდობიანი, დემოკრატიული გადაცემა ვერ მოხერხდება.

თეთრი სახლის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ტრამპი არ გამორიცხავს სხვაგვარი პასუხის გაცემასაც მადუროს ქმედებებზე, თუკი ის დემონსტრანტების ან გუაიდოს წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს. ასეთ გზებს შორისაა საზღვაო ბლოკადა და სხვა სამხედრო პასუხი მადუროს ძალადობრივ ქმედებებზე. თუმცა მანამდე, ყველაზე სწრაფად განხორციელებადი, სავარაუდოდ, სანქციების დაწესებაა მადუროს მთავრობის წინააღმდეგ.

ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ვენესუელის ნავთობის სექტორზე დამატებითი სანქციების დაწესებასაც, თუკი პოლიტიკური სიტუაცია კარაკასში კვირის ბოლომდე არ გაირკვევა.

გუაიდო დროებით პრეზიდენტად შეერთებული შტატების შემდეგ 10-ზე მეტმა სხვა სახელმწიფომ აღიარა. მათ შორის კანადამ, ე.წ. ლიმას ჯგუფის ქვეყნებმა ლათინურ ამერიკაში: არგენტინამ, ბრაზილიამ, ჩილემ, კოლუმბიამ, კოსტა რიკამ, გვატემალამ და პერუმ. "ლიმას ჯგუფის" რამდენიმე ქვეყანას - გაიანას, სანტა ლუსიასა და მექსიკას მადუროს მოწინააღმდეგისთვის მხარი არ დაუჭერია.

თუმცა რუსეთი, რომელიც ვენესუელის ერთ-ერთი უდიდესი მოკავშირეა, შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სახელმწიფოების მიერ გუაიდოს აღიარების ფაქტს გმობს და ამბობს, რომ ეს ქვეყნები ვენესუელის შიდა საქმეებში ერევიან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააფრთხილა შეერთებული შტატები, თავი შეიკავოს ნებისმიერი სამხედრო ჩარევისგან, რადგან მისი თქმით, ამას "კატასტროფული" შედეგები ექნება.

რაც ჩეეხება ჩინეთს, ისიც მოუწოდებს ამერიკას, რომ არ ჩაერიოს ამ საქმეში და კრიზისს "მიღმა დარჩეს". ოფიციალურ კარაკასს ჩინეთისგან მილიარდობით დოლარის ოდენობის ვალი აქვს აღებული.

ბოლივია, კუბა, ირანი და სირია - ამ ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავის მხრივ გაავრცელეს ნიკოლას მადუროს მხარდამჭერი განცხადებები. ​

"კონსტიტუციური, ჰუმანიტარული და დემოკრატიული პერსპექტივიდან ისევე, როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, შეერთებულ შტატებსა და საერთაშორისო საზოგადოებას არ ჰქონდა სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ ეღიარებინათ ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად", - ამბობს მოისე რენდონი, "საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრის" ასოცირებული დირექტორი და მკვლევარი "ამერიკის ხმასთან" საუბარში.

ვენესუელელი ეკონომისტი და ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი დენი ბაჰარი "ტვიტერზე" წერს, რომ ტრამპის მხრიდან გუაიდოს აღიარება "დიდი და გაბედული ნაბიჯი" იყო. მისი თქმით, ამერიკის ქმედება გზას უხსნის ვენესუელის ოპოზიციას, რომ ჰყავდეს ვაშინგტონის მიერ აღიარებული ელჩი, დესპანი იმისთვის, რომ ქვეყნის მეთაურებთან მოლაპარაკებები აწარმოოს.

ამავე დროს პროტესტი გრძელდება. დემონსტრანტებმა პოლიციის კორდონს ნივთები დაუშინეს და ყვიროდნენ "გაეთრიე, მადურო!" და სხვა სლოგანებს. უბან ელ პარაისოში ეროვნულმა გვარდიამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დემონსტრანტები ამბობენ, რომ ისინი ქუჩაში მზარდი ინფლაციის, საარსებო პროდუქტისა და საიმიგრაციო კრიზისის გასაპროტესტებლად გამოვიდნენ.

გუაიდოს კვლავ მრავალი გამოწვევა აქვს. ქვეყნის სამხედრო ძალები ოფიციალურად უჭერდნენ და ჯერაც უჭერენ მხარს ნიკოლას მადუროს როგორც ოპოზიციის დემონსტრაციების, ისე დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურების პროცესში. გუაიდოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ სამხედროების მიმხრობაა, ამისთვის ოპოზიციის ლიდერმა მათ მადუროს მიტოვების და დემოკრატიის აღდგენაში დახმარების სანაცვლოდ სრული ამნისტია შესთავაზა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG