ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო "ფაიზერის" ვაქცინის დოზებს ელოდება


საქართველოში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. საქართველოს მთავრობისა და საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ქვეყანა უახლოეს დღეებში გერმანული "ფაიზერ-ბიონტექის" ვაქცინის დოზებს ელოდება. ვაქცინაცია შესაძლებელია "ასტრაზენეკას" წარმოების ვაქცინითაც, რომლის 43 დოზაც გასულ კვირას შემოვიდა. მსურველებს შეუძლიათ ასევე ჩინური წარმოების "სინოფარმითა" და "სინოვაკით" აცრა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან ამ დრომდე, ვირუსით ინფიცირების 379 673 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 360 558 პირი გამოჯანმრთელდა, 5 479 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 49 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 924 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3705 პირი.

სრულად ვაქცინირებული პირების ინფიცირების შემთხვევაში, რაც საკმაოდ დაბალ პროცენტულ მაჩვენებელს - 0,3%-ს შეადგენს, გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

საქართველოს მთავრობის ცნობით, ვაქცინაციის პროგრამაში ჩართულია 200-მდე სამედიცინო დაწესებულება და აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, ელექტრონული პორტალის - https://booking.moh.gov.ge მეშვეობით და უშუალოდ დაწესებულების ცხელ ხაზზე; ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის მოქმედებს ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი - 144-3. ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც.

ვაქცინაციის პარალელურად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის უმნიშვნელოვანეს საშუალებად რჩება პირბადე. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის სხდომაც დღესაც გაიმართა, მოქალაქეებს მოუწოდებს, კვლავ ატარონ პირბადე ხალხმრავალი შეკრების ადგილებში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში.

XS
SM
MD
LG