ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტკოვსკაიას მკვლელების სასამართლო


მოკლული რუსი ჟურნალისტის შვილები ამბობენ, რომ პროცესს არ დაესწრებიან. ისინი რუსულ სასამართლოს „ფარსს“ უოდებენ

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:04:05 0:00
ბმული

ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ნოვაია გაზეტამ“ რუსულ და საერთაშორისო საზოგადოებას ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შესახებ აუწყა. ის საკუთარი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. 54 წლის ჟურნალისტი ძალიან ახლოდან გულის არეში, მხარში და თავში ნასროლი ჭრილობებით გარდაიცვალა. ეს ამბავი მოსკოვში, 2006 წლის 7 ოქტომბერს მოხდა. დაღუპვამდე ის ორ თემას - ხელისუფლებაში გავრცელებულ კორუფციას და ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს - იკვლევდა.

ანა პოლიტკოვსკაიამ სახელი სწორედ ჩეჩნეთის ომის და ზოგადად, ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების სახელმწიფო მედიისგან განსხვავებული კუთხით გაშუქების შემდეგ გაითქვა. ჟურნალისტი ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის მწვავე კრიტიკოსად ითვლებოდა და რუსულ, თუ უცხოურ აუდიტორიაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ძალიან მალე მისი გარდაცვალებიდან, მთელი მსოფლიო ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე ცინიკური გამოსვლის მოწმე გახდა. „ჟურნალისტმა თავისი სიკვდილით გაცილებით უფრო დიდი ზიანი მიაყენა რუსეთის ხელისუფლებას, ვიდრე მისმა პუბლიკაციებმა“ - განაცხადა მაშინ ქვეყნის პრეზიდენტმა.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ პოლიტკოვსკაია სწორედ ანტისამთავრობო პუბლიკაციების გამოქვეყნებას შეეწირა. „ნოვაია გაზეტას“ სპიკერი, ნადეჟდა პრუსენკოვა ამბობს, რომ ახლანდელი სასამართლო პროცესის დრო შემთხვევით არ არის შერჩეული და მის სამართლიანად წარმართვაში ეჭვი ეპარებათ.

ეს ტენდენცია შემაშფოთებელია ჩვენთვის. კერძოდ, საქმე გვაქვს ტენდენციასთან, სურვილთან და სწრაფვასთან იმისკენ, რომ გამოძიების დასრულება და ახალი ფაქტების შესახებ შეტყობინება განსაზღვრულ კალენდარულ დღეებთან უშუალო კავშირშია. ახლაც გაგვიჩნდა ეჭვი, რომ გამოძიების დასრულებას და დამნაშავეთა გასამართლებას ანა პოლიტკოვსკაიას გარდაცვალების 6 წლისთავისთვის ამზადებენ. არა მგონია ეს სწორი იყოს არც კანონის დაცვის თვალსაზრისით, არც სამართლიანობის სახელით და არც ადამიანური სინდისის წინაშე“ - განაცხადა „ნოვაია გაზეტას“ სპიკერმა.

ნადეჟდა პრუსენკოვას თქმით, მათ ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ ეჭვმიტანილებს დანაშაულთან კავშირი აქვთ. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ მკვლელობის დამკვეთის ვინაობა კვლავ უცნობია და მათ აქვთ საფუძველი ჩათვალონ, რომ ის დაუსჯელი დარჩება.

სასამართლო ამჟამად 5 მკვლელობაში ეჭვმიტანილის საქმეს განიხილავს. მათ შორის, ზოგიერთს მეორედ გაასამართლებენ. ამასთან დაკავშირებით პოლიტკოვსკაიას შვილებმა, ილიამ და ვერამ განცხადება გააკეთეს. მათ სთხოვეს მოსამართლეს პროცესი გადაედო, რადგან შვილები ვერ დაესწრებოდნენ. მოსამართლემ უარი განაცხადა. ამის შემდეგ ილია და ვერამ ნაფიც მსაჯულებს მიმართეს, დროებით უარი ეთქვათ სასამართლოში გამოცხადებაზე, რათა, მათივე სიტყვებით, რომ ვთქვათ, „ფარსში“ ჩათრევა თავიდან აეცილებინათ.

მოსკოვის სასამართლომ თავიდან პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ბრალი ჩეჩენ რუსტამ მახმუდოვს დასდო. ოფიციალური ვერსიით, მასთან ერთად დანაშაულში მისი ორი ძმა, ბიძა და ერთ-ერთი ყოფილი პოლიციელი მონაწილეობდნენ. მკვლელობიდან სამი წლის შემდეგ, 2009 წელს მოსკოვის სასამართლო საქმის განხილვას შეუდგა, მაგრამ სამი ბრალდებული გამართლდა. რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ვერდიქტი გააუქმა და საქმე ძიებაში დააბრუნა.

გასული წლის დეკემბერში ყოფილი პოლიციელი, რომელიც საქმეში ფიგურირებდა, საპროცესო მოლაპარაკებაზე დათანხმდა. მას დანაშაულის აღიარების პირობით, მხოლოდ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პოლიტკოვსკაიას მხარდამჭერები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და მიაჩნიათ, რომ პოლიციის ოფიცრისგან მეტი ინფორმაციის მოპოვება იყო შესაძლებელი.

კრემლი მორიგ განცხადებას აკეთებს. ოფიციალური მოსკოვი ისევ იმეორებს 9 წლის განმავლობაში არაერთხელ გაჟღერებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში ღონეს არ იშურებენ იმისთვის, რომ სამართლიანობა აღდგეს და პოლიტკოვსკაიას მკვლელები საკადრისად დაისაჯონ.
XS
SM
MD
LG